რესპუბლიკელები ობამას რეფორმას მხარს არ უჭერენ

მომავალი კვირიდან აშშ-ს მთავრობას შეიძლება გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება შეეზღუდოს
შეერთებული შტატების ხელისუფლების მოსალოდნელი უფლებამოსილების შეჩერებამდე თითქმის ერთი კვირით ადრე ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის გადავადების საკითხი ისევ გაურკვეველი რჩება. კონგრესში პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა ისევ არსებობს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი დაზღვევის ხელმისაწვდომი პროექტის დაფინასების გარშემო. ვაშინგტონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი მოგვითხრობს.


გასულ კვირას, რესპუბლიკელების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა ფედერალური ხელისუფლების დაფინანსების გაგრძელებას, თუმცა თავი შეიკავა მხარი დაეჭირა ჯანდაცვის დაზღვევის ხელმისაწვდომი პროექტისთვის, რომელიც ობამას დაზღვევის რეფორმით არის ცნობილი. ამჯერად საკითხზე ბრძოლა უკვე სენატში გრძელდება, სადაც ტეხასის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ტედ კრუზი დაპირებას იძლევა, რომ სენატში საკითხის განხილვა ბევრად უფრო მწვავედ წარიმართება.

ტედ კრუზი: სენატის რესპუბლიკელი წარმომადგენლები, სპიკერთან, ჯონ ბეინერთან და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრებთან ერთად გაითვალისწინებენ ხალხის აზრს და იმ მატარებლის სვლას შეაჩერებენ, რომელსაც ობამას დაზღვევის რეფორმა ჰქვია.


კრუზი ამ თემაზე „ფოქს- ნიუსს“ კვირას ესაუბრა.


დემოკრატები რომლებიც, სენატს აკონტროლებენ, ამბობენ, რომ წარმოდგენილ არცერთ კანონ-პროექტს მხარს არ დაუჭერენ, სადაც საყოველთაო დაზღვევის რეფორმა გათვალისიწინებული არ იქნება. „ენ-ბი- სის“ არხზე გამოსვლისას, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს სენატორმა ემი კლობაჩერმა რესპუბლიკელები საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო ქვეყნის ეკონომიკისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.


ემი კლობაჩერი: ეს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ თამაშებში არიან ჩართულები, ხელისუფლებას გადაყენებით ემუქრებიან და ამით იმის განხორციელება სურთ რომ ჩვენი ვალდებულება რომელიც ხალხის წინაშე ავიღეთ არ შევასრულოთ.


ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატორი, რომელიც ობამას დაზღვევის პროგრამის ამოქმედების წინააღმდეგია, ამბობს, რომ ისინი ვერ შეძლებენ საკუთარი მიზნის განხორციელებას. სენატორი ტომ კობურნი ამ თემაზე „სი-ბი-ესის“ გადაცემაში „ ხალხთან პირისპირ“ საუბრობდა.


ტომ კონურნი: მათ არ აქვთ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ შეაჩერონ ობამას დაზღვევის რეფორმის ამოქმედება. კარგი იქნებოდა, ეს რომ შეძლებოდათ. ტაქტიკა და სტრატეგია რეალურად არსებულ სიტუაციაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ახლა კი რესპუბლიკელებს საამისო პოლიტიკური ძალაუფლება არ გააჩნიათ.


ობამას მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, ამერიკაში სამედიცინო დაზღვევის მქონე პირთა რაოდენობა გაიზრდება. კანონის მთავარი პუნქტები ძალაში უკვე მომავალი თვიდან უნდა შევიდეს.


გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა პრეზიდენტის რეფორმას ნეგატიურად აფასებს. თუმცა უფრო მეტი იმის წინააღმდეგია, რომ მთავრობა არ დაფინანსდეს. თუკი სენატი და წარმომადგენელთა პალატა მთავრობის მიერ ბიუჯეტის განკარგვის უფლებამოსილების ვადას არ გააგრძელებს, მთავრობას გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება პირველი ოქტომბრიდან შეეზღუდება.