ამერიკის ოფიციალური პირები არ არიან დარწმუნებული, რომ რუსეთი დაპირებას შეასრულებს და ანექსირებულ ყირიმში, ისევე როგორც უკრაინის საზღვართან, სიტუაციის დეესკალაციას ხელს შეუწყობს. ვაშინგტონში ამბობენ, რომ "ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი"
ორშაბათს, პენტაგონში განაცხადეს, რომ როგორ ჩანს, რუსეთმა ჯარის ნაწილი უკან გაიწვია, თუმცა საფრთხე კვლავ არსებობს.
”ჩვენ ვნახეთ, რომ ძალების გარკვეული ნაწილი წავიდა უკრაინიდან,” - განუცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ, ჟურნალისტებს და დასძინა, რომ აშშ-ს სამხედროები ”აპირებენ ამას ძალიან, ძალიან ყურადღებით დააკვირდნენ”.
ასევე ნახეთ: ბაიდენ-პუტინის სამიტი შესაძლოა ივნისში ჩატარდეს”ნაადრევია იმის თქმა, რომ ის, რასაც რუსეთმა სამხედრო წვრთნა უწოდა, ახლა ნამდვილად დასრულდა და ყველა უკან გაჰყავთ",- უთხრა პენტაგონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.
ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რასაც თავადვე უწოდეს რუსეთის სამხედრო ძალების ყველაზე მასობრივი შეკრება მას შემდეგ, რაც მათ ყირიმის ოკუპაცია მოახდინეს.
ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის საზღვართან რუსეთს 100,000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა მობილიზებული.
დასავლეთის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და გამოთქმული შეშფოთების ფონზე, რუსეთი აგრძელებს უკრაინის დადანაშაულებას რეგიონში პრობლემების გამოწვევაზე.
ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა კიევის "პროვოკაციული ქმედებებს" აღმოსავლეთ უკრაინაში.
გასულ კვირას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნა უკრაინის საზღვართან დასრულდა და ჯარისკაცები დისლოკაციის ადგილს 1 მაისისთვის დაუბრუნდებიან.
მოგვიანებით, ამავე თემაზე ნატოს წარმომადგენლებმა "ამერიკის ხმას" განუცხადეს, რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩაინიშნეს და მას თვალყურს მიადევნებენ.