ფედერალურმა მოსამართლემ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მისი გუნდის მიერ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებულ საქმეზეა დანიშნული, პარასკევს მოსმენა დანიშნა. პრეზიდენტის ადვოკატები და ფედერალური პროკურორები სასამართლოში მოსმენისთვის 11 აგვისტოს წარდგებიან, რათა დადგინდეს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ და გააზიარონ ამ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები.
პროკურორებმა შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე ტანია ჩუტკანს დაცვითი ორდერი მოსთხოვეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტრამპმა კონფიდენციალური მტკიცებულებები საჯაროდ არ გააზიაროს. ორშაბათს ტრამპის დაცვის გუნდმა ამის თაობაზე წინააღმდეგობა გამოხატა. პროკურორებმა მიუთითეს, რომ მას ამ ინფორმაციის მოწმეების დასაშინებლად გამოყენება შეეძლება. ტრამპმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა და ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
ასევე ნახეთ: ტრამპს არჩევნების საქმეზე მოსამართლის შეცვლა სურსტრამპის ადვოკატებმა თქვეს, რომ შეზღუდვები დაარღვევს მის სიტყვის თავისუფლებას, რომელიც შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორებით არის დაცული.
როგორც წესი, დაცვის წარმომადგენელი ადვოკატები მოსამართლის მსგავს ორდერს არ ეწინააღმდეგებიან, რადგან ამას მთავრობის მხრიდან იმ მტკიცებულებების წარმოდგენის დაყოვნება შეუძლია, რომლის გამოყენებასაც ბრალდების მხარე სასამართლო მოსმენაზე აპირებს.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე ჩუტკანმა ბრალდებული პრეზიდენტის სასამართლოში სავალდებულო გამოცხადება არ მოითხოვა, სავარაუდოდ, ტრამპი პარასკევს სხდომას არ დაესწრება.