ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს არჩევნების საქმეზე მოსამართლის შეცვლა სურს


ფედერალური მოსამართლე, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საქმეზე შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა, სამართლიანი არ იქნება და ის უნდა შეიცვალოს - აცხადებს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. განცხადება მან კვირას, 6 აგვისტოს გაავრცელა.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საქმის განხილვა დედაქალაქ ვაშინგტონიდანაც უნდა გადავიდეს, რადგან იქ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მის წინააღმდეგ მისცა. საქმე იმაშია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, ვაშინგტონიდან, კოლუმბიის ოლქის რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის მოხდება.

"გამორიცხულია სამართლიანი სასამართლო მივიღო მოსამართლისგან, რომელიც "დანიშნულია" - დაწერა ტრამპმა დიდი ასოებით თავის სოციალურ ქსელზე Truth Social. საუბარია შეერთებული შტატების მოსამართლე ტანია ჩუტკანზე, რომელსაც მისი საქმის ზედამხედველობა დაევალა.

ტრამპის ადვოკატმა ჯონ ლაურომ კვირას განაცხადა, რომ ტრამპის დაცვის სურვილია, არჩევნების საქმეზე სასამართლო დასავლეთ ვირჯინიის შტატში გაიმართოს. ტრამპმა 2020 წელს არჩევნები იქ ხმის უმრავლესობით, 68.6%-ით მოიგო. ლაურომ განცხადება 6 აგვისტოს, ხუთ სხვადასხვა საინფორმაციო არხზე გააკეთა.

კოლუმბიის ოლქს ჯერჯერობით ამ მოთხოვნებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ვაშინგტონში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არჩევნები 92%-იანი უპირატესობით მოიგო.

წარსულში, მოსამართლე ჩუტკანმა პატიმრობის განაჩენი გამოუტანა ტრამპის 38-ივე მომხრეს, რომელთა სასამართლო საქმეების განხილვაც მისი თავმჯდომარეობით წარიმართა. ისინი 2021 წლის 6 იანვარს, სხვადასხვა როლს ასრულებდნენ ვაშინგტონში, დაახლოებით 2000-მდე ტრამპის მხარდამჭერთა ძალადობრივ შეჭრაში კაპიტოლიუმის შენობაში. ამ დროს კონგრესში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვების ფორმალური დამტკიცების პროცესი მიმდინარეობდა.

არჩევნების საქმე

ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ფედერალურ ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ 1 აგვისტოს ახალი ბრალი წაუყენა. მას ბრალი ედება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 2020 წელს წაგებული არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობაში.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტისადმი წაყენებული ბოლო ბრალდება ოთხი პუნქტისგან შედგება, რომელთაგან თითოეული ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ესენია: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით, შეთქმულება ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მცდელობა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.

სხვა ბრალდებები

ეს დონალდ ტრამპის რიგით მესამე ბრალდებაა, რომელიც მას ბოლო ოთხი თვის მანძილზე წაუყენეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კიდევ ერთი ბრალდებაა შესაძლებელი ჯორჯიის შტატში, რომელიც ასევე 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.

წინა ორი ბრალდებიდან, ერთი ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი საიდუმლო დოკუმენტების შინ წაღების საქმეს უკავშირდება. მეორე კი - არჩევნების წინ, საქმიანი ჩანაწერების უკანონოდ შეცვლას, პორნოვარსკვლავისთვის გაჩუმების სანაცვლოდ თანხის გადახდის ფაქტის დაფარვის მიზნით.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG