ტრამპის და კიმის შეხვედრის წინ, იაპონიის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლს ეწვია

მომავალ კვირაში ტრამპსა და კიმს შორის ისტორიულ შეხვედრამდე, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე თეთრ სახლს სტუმრობს, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იაპონიის ინტერესები შეახსენოს.

შეერთებული შტატების და იაპონიის ლიდერებს შორის, დაახლოებით ორსაათიანი მოლაპარაკება და ერთობლივი პრეს-კონფერენცია არის დაგეგმილი.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე, აბემ თქვა, რომ მის მთავრობას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვის პროგრესის ნახვა სურს და ასევე სურს, რომ ტრამპმა კიმთან იმ იაპონელი მოქალაქეების საკითხზე იმსჯელოს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეამ 1970-იან და 80-იან წლებში გაიტაცა.

სავარაუდოდ, აბეს ფოლადზე და ალუმინზე დაწესებულ ტარიფებზე მსჯელობის სურვილიც ექნება.

აბემ განაცხადა, რომ ასეთი სავაჭრო შეზღუდვები სარგებლობის მომტანი არ არის.