ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ

ღონისძიების მიზანია, რომ ირანული ვალუტა ქვეყნის გარეთ გამოუსადეგარი გახდეს
გუშინ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას მოაწერა ხელი. ამჯერად, სანქციები დაწესდება ირანის ვალუტაზე. ამით შეერთებული შტატები თეირანზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობს, რათა ირანის მთავრობამ ბირთვული პროგრამა შეაჩეროს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დენ რობინსონი არკვევდა.
ირანთან დაკავშირებით აღმასრულებელი ბრძანების გამოცემა პრეზიდენტის ადმინსტრაციის სტრატეგიის ნაწილია. ამის მიხედვით, ვაშინგტონი გლობალური ფინანსური სისტემიდან ირანის იზოლირებას ცდილობს. აღნიშნული სანქციები შეეხება ასევე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რომლებიც შეგნებულად წარმართავენ მნიშვნელოვან ფინანსურ ტრანზაქციებს ირანული ნავთობის შესაძენად და ასევე გააჩნიათ მნიშვნელოვანი საბანკო ანგარიშები ირანულ რიალში. ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ არ არის ჯერ დასახელებული თუ რა რაოდენობის დოლარის ექვივალენტზე წესდება შეზღუდვა. მისი თქმით, სანქციების მიზანია, რომ ირანული ვალუტა ქვეყნის გარეთ გამოუსადეგარი გახდეს, რითაც ირანის მთავრობაზე დაწესებული ფინანსური სანქციები სრულად განხორციელდება.
სანქციები ასევე შეეხება ირანის მანქანათმშენებლობის სექტორს, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
ადმინისტრაციის მაღაჩინოსნის განაცხადებით, ირანის ავტოსამრეწველო სექტორის გამოყენებით ირანის მთავრობა ბირთვულ პროგრამებს ამუშავებს. ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ახალ სანქციებს უდიდესი გავლენა ექნება ირანის გარეთაც, რადგან ირანული ვალუტის შესუსტებით, ქვეყნის ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიადგება. ერთერთი ჩინოსნის აზრთ, ყველაზე დიდი დარტყმა ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს მიადგება.
ერთერთი აკრძალვა შეეხება ირანის სადეპოზიტო ინსტიტუტებს და ირანის ისეთ ქმედებებს, რაც აზერბაიჯანიდან ევროპისკენ მიმავალ შაჰ დენიზის გაზსადენს შეეხება.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ირანს ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერებას თხოვენ. თავის მხრივ თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული ამბიციები მშვიდობიანი ხასიათისაა. ადმინისტრაციააში არ გამორიცხავენ, რომ თუ თეირანი ბირთვულ პროგრამას არ შეაჩერებს, ვაშინგტონი დამატებითი სანქციების დაწესებისგან თავს არ შეიკავებს.