უცხოეთში დაბადებულ ამერიკელთა რაოდენობა ბოლო საუკუნის მანძილზე რეკორდულად მაღალია. შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიურომ 2017 წლის მონაცემები ხუთშაბათს გამოაქვეყნა.
გასულ წელს კანონიერი იმიგრაციის რაოდენობა 1.8 პროცენტით გაიზარდა და 44.5 მილიონს მიაღწია. ეს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 13.7 პროცენტია. კანონიერ იმიგრანტთა ასეთი მოცულობა ამერიკას 1910 წლის შემდეგ არ ახსოვს, როცა მათი რაოდენობა 14.7 პროცენტს აღწევდა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კანონიერი იმიგრაციის შეზღუდვა სურს. თუმცა, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ჯერჯერობით არც ისე წარმატებულია.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ერთგვარმა "წარუმატებლობამაც" შეიტანა თავისი წვლილი დასაქმების გაუმჯობესებაში და ქვეყნის ეკონომიკის დაწინაურებაში, რითაც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ამაყობს. "ეკონომიკა ნამდვილად ფაქტორია, არამარტო მეტი ადამიანი ჩამოდის, არამედ მეტიც რჩება" - ამბობს რენდი კეპსი, მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის დემოგრაფი.
აღრიცხვის მიხედვით, განსაკუთრებით გაიზარდა აზიური წარმოშობის იმიგრანტთა რაოდენობა, სამხრეთ ამერიკიდან წამოსული ემიგრაციის რაოდენობა კი შემცირდა. მექსიკელ კანონიერ იმიგრანტთა რაოდენობა წინა წელს თუ 26.5 პროცენტი იყო, წელს 25.3 პროცენტს შეადგენს. ჩინელთა რიცხვი კი 6.2 პროცენტიდან 6.4-მდე გაიზარდა.
მონაცემები საყოველთაო გამოკითხვის სამთავრობო მონაცემთა ბაზიდანაა ამოღებული, რომელსაც დემოგრაფები შეერთებულ შტატებში ყველაზე სანდო და მრავლისმომცველად თვლიან. თუმცა, მისი მთავარი ხარვეზია ის, რომ გამოკითხვა არასრულფასოვნად ასახავს უკანონო იმიგრაციის ხვედრით წილს ამერიკის მოსახლეობაში.
შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრები იმიგრაციის წარმომადგენლები საყოველთაო აღრიცხვაში მონაწილეობას ხშირად თავს არიდებენ. ჯეფრი პასელი, პიუს კვლევითი ცენტრის მკვლევარი ფიქრობს, რომ აღრიცხვას რომ არალეგალურად მცხოვრები მოსახლეობა დაემატოს, იმიგრანტთა რაოდენობა ამერიკაში 3-5 პროცენტით უფრო მაღალი იქნება.