შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის 43 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. მათ შორის არიან იუსტიციის სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირები და მთავრობის სხვა თანამშრომლები, რომლებსაც ბელარუსში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა აბრალებენ.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში თქვა, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს განგაშის შეგრძნებას იმის გამო, რომ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობა დემონსტრანტების, აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებს აგრძელებს.
ასევე ნახეთ: "საერთაშორისო ამინისტია" ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას აქვეყნებს
ხუთშაბათს გამოცხადებული ზომები ყველაზე ბოლოა დამსჯელი ღონისძიებებიდან, რომელთა სამიზნედაც შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ისინი, ვინ ბელარუსის დემოკრატიას ძირს უთხრის.
ამ ზომების სამიზნე სამართალდამცავი ორგანოების ლიდერები არიან, რომლებსაც მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება და მათდამი არასათანადო მოპყრობა ბრალდება. ასევე მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც სავარაუდოდ დემონსტრანტების და ჟურნალისტების ციხეში გამწესებაზე არიან პასუხისმგებელი.
სახელმწიფო დეპარტამენტს გვარები საჯაროდ არ გამოუქვეყნებია. ამ ღონისძიებით, მათ შეერთებულ შტატებში შემოსვლის უფლება აღარ ექნებათ.
ლუკაშენკოს მმართველობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის დროს, 33 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. პროტესტი გასული აგვისტოს არჩევნებმა გამოიწვია, რომელიც ოპონენტების თქმით, გაყალბებული იყო.