ჯანდაცვის ექსპერტები: ტრამპის უარი ბაიდენის გუნდთან ითანამშრომლოს პანდემიასთან ბრძოლას გაართულებს

შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების ზრდასთან ერთად, ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპის უარი ძალაუფლების გადაცემის გარდამავალ პერიოდში არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გუნდთან ითანამშრომლოს, ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გადაცემას ანელებს და პანდემიასთან ბრძოლას ართულებს.

ბაიდენის კორონავირუსის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ატულ გავანდემ ტელეკომპანია“ეი-ბი-სი“-სთან საუბარში განაცხადა, რომ ეს ქვეყნის ინტერესშია.

ასევე ნახეთ: 94,5% ექფექტიანობა - „მოდერნას“ ვაქცინა, პანდემიის დასრულების ახალი იმედი

„საჭიროა იცოდე ვაქცინის დისტრიბუციის გეგმა, სადაა რეზერვები, რა მდგომარეობაა პირბადეების და ხელთათმანების კუთხით“, - განაცხადა მან. „ბევრი ინფორმაციის გადაცემაა საჭირო. ბოლო წუთამდე ეს ვერ მოიცდის“, - განმარტა გავანდემ.

პრეზიდენტი ტრამპი უარს აცხადებს, მისი დამარცხების აღიარებაზე და ამბობს, რომ არჩევნები მის წინააღმდეგ გააყალბეს. ის ასევე არ აძლევს უფლებას თავის ადმინისტრაციას ბაიდენის გუნდთან ითანამშრომლოს გარდამავალ პერიოდში.

ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა მათთან (ბაიდენის გუნდთან) მუშაობის დაწყება“. მისი თქმით, ეს კრიტიკულია წარმავალ და მომავალ ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციის დაბრკოლების გარეშე გაცვლისთვის.

ასევე ნახეთ: რამდენიმე შტატის მოსამართლეებმა ტრამპის საჩივრები არ დააკმაყოფილეს

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის 184,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის ახალმა კორონავირუსმა 245,000 ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა და ქვეყანაში 10,9 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.