"ცუდი რამ ხდება. ეს უნდა გავიაზროთ" - თქვა კვირას ექიმმა ენტონი ფაუჩიმ ტელეკომპანია "ენ-ბი-სის" გადაცემაში. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი მედიცინის მიმართულებით, ამერიკის სხვა წამყვან სპეციალისტებთან ერთად, შეშფოთებას გამოთქვამს კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო და მოსახლეობას კოვიდ-19-ზე აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ფაუჩის აზრით, კოვიდ-19-ის ვაქცინა ამერიკაში ამ ეტაპზე სავალდებულო არ გახდება. თუმცა, ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტი იმედს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინებს აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია სრულად დაამტკიცებს, ის მხარს დაუჭერს კერძო ორგანიზაციების მიერ ვაქცინაციის მოთხოვნის შემოღებას.
კოვიდ-19-ის ვაქცინები შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით მხოლოდ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის საფუძველზეა დამტკიცებული. მათი სრულად დამტკიცება შესაძლოა მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდეს, სავარაუდოდ - სექტემბრის პირველ რიცხვებში.
მთელი რიგი კერძო ორგანიზაციები თანამშრომლების აცრას უკვე ითხოვენ. მათ შორისაა ზოგიერთი ავიაკომპანია, საავადმყოფო, უნივერსიტეტი, მედია-კომპანია, თუ ადგილობრივი მცირე ბიზნესები.
ასევე ნახეთ: CNN-მა აუცრელი თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლამასობრივი იმუნიზაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისთვის 166 მილიონი ამერიკელია სრულად აცრილი. ეს შეერთებული შტატების ზრდასრული მოსახლეობის ნახევარიც კი არ არის. ამას გარდა, 12 წლამდე ბავშვების აცრა ქვეყანაში ჯერ ავტორიზებული არ არის.
ვაქცინაცია კვლავ რჩება პოლიტიკური დებატების საგნად. იმის მიუხედავად, რომ ფლორიდის და ტეხასის შტატში ახლა დელტა ვარიანტის გავრცელების გამო ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, ამ შტატების რესპუბლიკელი გუბერნატორები ვაქცინის და ნიღბების მიმართ კვლავ სკეპტიკურ განწყობას ავლენენ. რონ დესანტისი და გრეგ აბოტი კონტრარგუმენტის სახით, გამუდმებით უსვამენ ხაზს ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს და არჩევანის თავისუფლებას.
ასევე ნახეთ: აშშ: ყველაზე მეტი ინფიცირება ბოლო 6 თვეშიამერიკაში ახლადინფიცირების მონაცემი დღეში უკვე 100 000-ს აჭარბებს. ჯანდაცვის სპეციალისტები სიტუაციის გაუარესებას დელტა ვარიანტს უკავშირებენ, რომელმაც წინა კვირებთან შედარებით, ინფიცირების თითქმის გაათმაგება გამოიწვია. ჰოსპიტალიზებულთა შორის დიდი უმრავლესობა აცრილი არ არის, რის გამოც ექიმმა ფაუჩიმ ვითარებას "აუცრელთა პანდემია" უწოდა.
ჯერჯერობით ვაქცინები, რომლებიც შეერთებულ შტატებშია დამტკიცებული, დელტა ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია. მაგრამ, ფაუჩი არ გამორიცხავს, რომ უყურადღებობის ფონზე, შესაძლოა, დელტა ვარიანტის ისეთი მუტაცია მოხდეს, რომელიც ვაქცინების ეფექტურობას შეამცირებს.
მისი თქმით, დაახლოებით, 93 მილიონი ამერიკელია, ვისაც იმუნიზაცია ეკუთვნის და არ იცრება. მათ არამარტო საკუთარ თავზე და ოჯახზე, არამედ საზოგადოებაზეც უნდა იფიქრონ. ფაუჩი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა, "თუნდაც კოვიდი უკვე გადატანილი გქონდეთ, მაინც უნდა აიცრათ" - თქვა მან.