პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ვაშინგტონში

ვაშინგტონში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთელი სერიის ბოლო აკორდი, ოთხშაბათს გამართული კონფერენცია იყო. ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე არაერთმა გამომსვლელმა გაუსვა ხაზი იმას, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

კონფერენციას საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია ესწრებოდა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრემიერის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე არ ჰყოლია ისეთი დიდი მეგობარი, როგორიც ამერიკაა.

„ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე... ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდი პატივია. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ყოველწლიური კონფერენცია გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს პარტნიორობას ყველას სასიკეთოდ“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თავის მისასალმებელ სიტყვაში.

სტრატეგიული თანამშრომლობის ზრდის აუცილებლობას კონფერენციის სხვა მონაწილეებიც იზიარებდნენ. მათ შორის იყო რობერტ კარემი, ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. მისი თქმით, „შეერთებული შტატების თითოეული ადმინისტრაცია აღრმავებს [სტრატეგიული პარტნიორების] მხარდაჭერას, როგორც ბალტიისპირეთის, ასევე შავი ზღვის რეგიონში. პირველ რიგში, ჩვენი პრიორიტეტია მოკავშირეების გაძლიერება... შემდეგ კი ის, რომ რუსეთმა ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს“.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წევრებთან და რეგიონის ექსპერტებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, კონფერენცია კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ვაშინგტონში მაქსიმალურად გაიზარდოს ცნობადობა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით, რაც მეტი მხარდაჭერის მოპოვების საშუალებას იძლევა. „2017 წელი იყო განსაკუთრებულად წარმატებული ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში. არის ძალიან დიდი ინტერესი როგორც კონგრესის მხრიდან, ასევე ადმინისტრაციის მხრიდან და რა თქმა უნდა, ასევე საექსპერტო-სამეცნიერო წრეების მხრიდან საქართველოს მიმართ. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ასეთი ყურადღებით და ასეთი ინტერესით და ამაზე დაფუძნებით, ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“ - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

კონფერენცია წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს დაემთხვა, რაც ამერიკის დიდ ქალაქებში მრავალი სადღესასწაულო ღონისძიებით აღინიშნა.

მამუკა წერეთლის, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ღონისძიებებით „ფაქტიურად, ჩვენ ვახდენთ ამერიკული საზოგადოების განათლებას საქართველოს ისტორიის შესახებ. ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ უკვე 1920 წელს არსებობდნენ ამერიკელი კონგრესმენები, რომლებიც ლობირებდნენ საქართველოს მაშინდელ დამოუკიდებლობას და ცდილობდნენ დაესაბუთებინათ ამერიკის კონგრესის სხვა წევრებისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც, რა თქმა უნდა საქართველოსთვის და სამეზობლოსთვის, ასევე ამერიკის ინტერესებისთვის და ევროპის ინტერესებისთვის რეგიონში“.

ჰერიტიჯის ფონდში ალისონის საგარეო პოლიტიკის სწავლებათა დირექტორი, ლიუკ კოფი საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე ქვეყანამ ერთად იზეიმოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი. აუცილებელია, რომ საქართველომ უკეთ აუხსნას ამერიკელ ხალხს, თუ რამხელა წარმატებას მიაღწია ამ ხნის მანძილზე. "ეს ძალიან დიდი დღეა. ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს საკუთარი მიღწევებით. თქვენ წინ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი, ბრწყინვალე მომავალი გელოდებათ. გულწრფელად, მთელი გულით ვულოცავ ქართველ ხალხს ამ იუბილეს“ - აღნიშნავს ლიუკ კოფი.

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს საელჩო შეერთებულ შტატებში. კონფერენციის შემდეგ, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში, საზეიმო მიწვევა გაიმართა, რომელსაც ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ერთად, ასობით ამერიკელი და ქართველი სტუმარი დაესწრო.