ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში და მზარდი კიბერ გამოწვევები


ფოტო: "რადიო თავისუფლება"
ფოტო: "რადიო თავისუფლება"

ბათუმში ხუშაბათს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების, საერთშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის, ერთ–ერთ პანელზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირველი მიესალმა სტუმრებს. მომხსენებლებს შორის პირველი სიტყვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარმოსთქვა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულების გამო სჯის და შედეგად გვაქვს კონფლიქტები, რომელიც 25 წლის განმავლობაში განგრძობითი ხასიათის პრობლემად რჩება.

მისი სიტყვის ძირითადი მესიჯი მდგომარეობდა იმაში, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხის შემცველად იქცა არა მხოლოდ მეზობლებისთვის, არამედ მთელი პროგრესული მსოფლიოსთვის.

„მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არა 2008 წელს, არამედ დასაწყისიდანვე, 90–იანი წლებიდანვე რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მის ნაბიჯებს ქცეულიყო მართლაც თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა, სჯიდა იმ კონფლიქტებით და დაპირისპირებებით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა 25 წლის განმავლობაში დააზიანა და მთლიანობა დაუკარგა. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, გრძელდება დღესაც. რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის შეიარაღებას,არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათ გადაადგილების თავისუფლებას და ისეთ ჰუმანურ შესაძლებლობებს, როგორიცაა წვდომა განათლებასთან ან წვდომა ჯანდაცვასთან, ურთიერთობებს საზოგადოებებს შორის და ამას ახორციელებს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად. აშენებს სულ ახალ შეზღუდვებს, ახალ გამყოფ ხაზებს და ზღუდავს გადასასვლელ პუნქტებს.“

პრეზიდენტმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას უცხოელი პარტნიორებისთვის, მის კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში:

„ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს როლს რეგიონში, როგორც ტრანსკონტინენტური, ევროპული და აზიური თანამშრომლობის პროექტების ერთ–ერთი მთავარი რგოლი და პასუხისმგებლიანი მოთამაშე. პროექტები, რომლებიც იწყება კასპიის ზღვის აუზში, ცენტრალურ აზიაში და რომლებიც გაგრძელებას ჰპოვებს ევროპაში, შავი ზღვის აუზში, პერსპექტიულად დაკავშირებულია ასევე ბალტიის ზღვასთან, ამ პროექტებს ყოველთვის აქვს გახსნილი შესაძლებლობა საქართველოში“...

საერთაშორისო კანონმდებლობის კეთილი ნების ქვეყნებმა უნდა მოვახერხოთ შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხებს გასცემდა რუსეთის პოლიტიკას თავისი მეზობლების მიმართ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

კონფერენციაზე არაერთხელ გაიჟღერა რიტორიკამ ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების აუცილებლობის შესახებ. მარგველაშვილმა თავის სიტყვაში თქვა, რომ მსოფლიოს პრივილეგირებული ინტერესის სფეროებად დაყოფა საშიშია. მისი სიტყვის მნიშნველოვანი ნაწილი იყო შეთავაზება, ერთგვარი წინადადება საერთაშორისო პარტნიორებისადმი, რაც მდგომარეობს რუსეთის მიმართ ერთიანი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაში:

საერთაშორისო კანონმდებლობის კეთილი ნების ქვეყნებმა უნდა მოვახერხოთ შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხებს გასცემდა რუსეთის პოლიტიკას თავისი მეზობლების მიმართ. პრივილეგილებური ინტერესის სფეროებად მსოფლიოს დაყოფა წარმოადგენს საშიშროებას არა მარტო რუსეთის მეზობლებისთვის, არამედ უფრო გლობალურად. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მისული იმ წერიტილამდე, როდესაც გვექნება ყველას ერთად მტკიცე და ნათელი პასუხები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენი ხმა იქნება კონსოლიდირებული და მტკიცე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას რეგიონის დესტაბილიზაციის მიმართ დაუპირისპირდება სრულიად მტკიცე და ერთიანი ხედვა, რომელიც მისცემს საქართველოს და სხვა ქვეყნებს რეალურ და მტკიცე გარანტიებს იმისა, რომ ასეთ პოლიტიკას არ ექნება შესაძლებლობა შეარყიოს ჩვენი და რეგიონის სტაბილურობა. ერთინი პოლიტიკის, ერთიანი საფუძვლის ძებნის თვალსაზრისით, იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება ამ დღეებში და კიდევ უფრო კოორდინირებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც.“

გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება აქვს 2012 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. მან მაგალითად მოიყვანა "საერთაშორისო ამნისტიის", მსოფლიო ბანკის და სხვა ორგანიზაციების მონაცემები ამის დასადასტურებლად. კვირიკაშვილმა ისაუბრა ასევე რუსეთულ პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებით და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების პრობლემა საერთოა მთელი მსოფლიოსთვის და საზოგადოებას მოუწოდა მისი სიღრმისეულად განხილვისთვის. თქვა ისიც, რომ რუსეთი თანდათან შთანთქვავს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ზრდის მილიტარიზაციის დონეს, აშენებს მავთულხლართებს და აუქმებს გადასასვლელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით:

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი დგას, არამედ სამწუხაროდ, ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის. საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში. ეგრეთ წოდებული „ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმებებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებით. განგრძობით მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებით სამხედრო ძალების მობილიზებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით სამხედრო წვრთნით მხოლოდ 2017 წელს. მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა გამოხატულია ეგრეთ წოდებული გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე მავთულხლართებისა და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიებზე. ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა გამოხატული მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვით და ეთნიკური ნიშნით უფლებრივი დისკიმინაციით, ასევე ქართული სოფლებისა და დასახლებული პუნქტების კვალის წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებშიც ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებებისა საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, შესაძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.“

ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს მაღალჩნოსანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეკავების პოლიტიკის ერთ–ერთი შემადგენელია ევროპის უსაფრთოების უზრუნველყოფა და დასძინა, „ჩვენ უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს, თუ ჩვენი მეზობლები იქნებიან უსაფრთხოდ.“ მან ისაუბრა ასევე შეიარაღებული ძალების შესაბამისობაში მოყვანაზე ნატოს სტანდარტებთან, რაც ასევე გულისხმობს კიბერ უსაფრთოებისკენ გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებს და დაასრულა სიტყვა იმით, რომ ეს საერთო ინტერესია.

„ჩვენს უკან ბევრი საქმეა, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით გაკეთდა. ბოლო მონაცემებით, გასამმაგდა ჩვენი წარმომადგენლობის შეიარაღება. მთავარი კონტრიბუცია მოდის ჩვენს პარტნიორებზე. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იმ პარტნიორებთან, ვინც ჩვენს სტანდარტებთან არიან შესაბამისობაში. ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ კუთხით უფრო შორს არიან წასული, რადგან წვრთნები დიდი ხნის წინ დავიწყეთ. ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს, თუ ჩვენი მეზობლები იქნებიან უსაფრთხოდ და სტაბილურად. ასე რომ ჩვენ გვჭირდება სტაბილური ქვეყნები. საქართველო, რა თქმა უნდა, ასპირანტი ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2018 წლის ნატოს სამიტი. ჩვენ ვაწესებთ სტანდარტებს არა მხოლოდ ინფრასტურქტურისთვის და შეიარაღბულ ძალებში ინსტიტუციური მოწყობისთვის, დღეს მას დაემატა კიდევ ერთი კომპონენტი: კიბერ თავდაცვა. ნატოში კიბერ უსაფრთხოებას ვუდგებით, როგორც ძალიან მნიშნველოვან კომპონენტს ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის.“

მთავარი კონტრიბუცია მოდის ჩვენს პარტნიორებზე. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იმ პარტნიორებთან, ვინც ჩვენს სტანდარტებთან არიან შესაბამისობაში. ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ კუთხით უფრო შორს არიან წასული, რადგან წვრთნები დიდი ხნის წინ დავიწყეთ.
ჯეიმს აპატურაი

კონფერენციაში მონაწილეობა აშშ ელჩმა საქართველოში იან კელიმაც მიიღო და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა.

უსაფრთხოების კონფერენციის ერთ–ერთი მთავარი გზავნილი ტოტალური თავდაცვის თემას შეეხებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააჟღერა კითხვა იმის შესახებ, თუ რა იქნება ნატოს პასუხი საქართველოს მონდომებაზე. პასუხი ამ კითხვაზე ნატოს მომავალ სამიტამდე საიდუმლოდ დარჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG