საქართველო და ტრამპის ადმინისტრაციის 16 თვე

მტკიცე და ურყევი პარტნიორობა, ორპარტიული მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია და საერთო ღირებულებების ერთგულება - ასე ახასიათებენ საქართველო-ამერიკის ურთიერთობას მიმომხილველები და ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში. ზოგიერთი მათგანის აზრით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი რეფორმების მიმართ არათუ შენარჩუნდა, არამედ გარკვეულწილად გაძლიერდა კიდეც.

წელიწადნახევრის წინ, დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ზოგი გულშემატკივარი იმ შიშით შეხვდა, რომ რუსეთთან „უკეთესი ურთიერთობის“ დამყარების ფასი შესაძლოა საქართველოს, უკრიანის თუ რუსეთის სხვა მეზობლების ინტერესების დათმობა და კომპრომისი ყოფილიყო. თუმცა დღეს ანალიტიკოსები და ყოფილი დიპლომატები ფიქრობენ, რომ ამ ეჭვების საფუძველი არ არსებობს.

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის განსხვავება წინა ადმინსიტრაციებთან შედარებით, ნამდვილად შესამჩნევია და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ გაზრდილი ინტერესი აშკარაა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა ვაშინგტონში, მომავალ კვირას უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი. ასეთი ვიზიტები ასე მოკლე დროში, მგონი ობამას ადმინისტრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში არ გვქონია. ვხედავთ, რომ მიდგომა შეიცვალა, მიღებულია გადაწყვეტილებები უკრაინისა და საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის შესახებ. ვფიქრობ, ესაა დიდი ინტერესის არსებობის მაჩვენებელი, და ეს ინტერესი და ჩართულობის სურვილი საქართველოს, უკრიანის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ არის გამოხატული მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება ასე ვთქვათ „გააღიზიანოს რუსეთი“, - ამბობს სვანტე კორნელი.

გარდა ამისა, ამ ადმინისტრაციამ წინა ადმინისტრაციასთან შედარებით 40%-ით გაზარდა "ევროპაში შეკავების ინიციატივის" დაფინანსება . ცხადია, ამ თანხის ნაწილი სწორედ საქართველოს თავდაცვაზე დაიხარჯება. ასე რომ ამ ხნის განმავლობაში ტრამპის პოლიტიკა იყო კარგი საქართველოსთვის
ლუკ კოფი, ჰერიტიჯის ფონდი

USAID/Caucasus-ის მისიის ყოფილი დირექტორი მაიკლ ფარბმანი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების ფაქტორი რუსეთში და მისი როლი უკრაინასა და საქართველოში, ამ ქვეყნების ამერიკასთან ურთიერთობაში ბოლო დროს "გამაძლიერებელი" უფრო აღმოჩნდა, ვიდრე "დამასუსტებელი".

"ჰერითიჯის ფონდის" საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც არ იყო დარწმუნებული როგორი იქნებოდა ახალი პრეზიდენტის დამოუკიდებულება საქართველოს მიმართ. მაგრამ ახლა მიიჩნევს, რომ ბევრი რამ დადებითი მიმართულებით შეიცვალა. ამის ერთ-ერთი მაგალითი მისი თქმით, საქართველოსთვის გასული წლის ბოლოს ჯავშან-საწინააღმდეგო სისტემის, ე.წ. "ჯაველინების" მიყიდვის გადაწყვეტილება იყო.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, 31 ივლისი, 2017 წელი

"ამ იარაღს საქართველო წლების განმავლობაში ითხოვდა და რეალურად პრეზიდენტმა ტრამპმა 8 თვეში გააკეთა ის, რაც პრეზიდენტ ობამას რვა წლის განმავლობაში არ გაუკეთებია", - აღნიშნავს ლუკ კოფი და დასძენს, რომ მნიშვნელოვანი იყო ადმინისტრაციის ადრეულ თვეებშივე ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი და გამეორება იმის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. მისი აზრით, ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იყო.

"გარდა ამისა, ამ ადმინისტრაციამ წინა ადმინისტრაციასთან შედარებით 40%-ით გაზარდა "ევროპაში შეკავების ინიციატივის" დაფინანსება . ცხადია, ამ თანხის ნაწილი სწორედ საქართველოს თავდაცვაზე დაიხარჯება. ასე რომ ამ ხნის განმავლობაში ტრამპის პოლიტიკა იყო კარგი საქართველოსთვის", - ამბობს ლუკ კოფი.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ამერიკის პოლიტიკის შესახებ ისაა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველა პრეზიდენტის მმართველობისას, დემოკრატებისა თუ რესპუბლიკელების მიერ მართული კონგრესის პირობებში, მათ მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდებოდა
უილიამ კორტნი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში

მაისის დასაწყისში საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი ესტუმრა, რომელიც ნატო-საქართველოს დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ერთგულნი რჩებიან და საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. ​

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ამბობს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ორპარტიული მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორიაა.

"ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ამერიკის პოლიტიკის შესახებ ისაა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველა პრეზიდენტის მმართველობისას - იქნებოდა ეს ბუში უფროსი, კლინტონი, ბუში უმცროსი, ობამა თუ დონალდ ტრამპი, დემოკრატების თუ რესპუბლიკელების კონგრესი, ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდებოდა, როგორც ვნახეთ მაგალითად სანქციებთან დაკავშირებით. დემოკრატებსაც და რესპუბლიკელებსაც სჯერათ, რომ საქართველოს დემოკრატია უმჯობესდება. ვფიქრობ ასეთივე მხარდაჭერის გაგრძელებას უნდა ველოდოთ", - ამბობს ყოფილი დიპლომატი და ქართული დემოკრატიის მთავარ საფრთხეებზეც საუბრობს.

უეს მიტჩელი საქართველოში, ფოტო: რადიო "თავისუფლება"

მისი აზრით, ეს პოლიტიკური პარტიების ლიდერების და პერსონების ირგვლივ გაერთიანებაა, იმის ნაცვლად, რომ პარტიები იდეების, მიდგომების და შინაარსობივი განსხვავებების მიხედვით ყალიბდებოდეს.

"მნიშვნელოვანია საქართველომ განაგრძოს რეფორმები, კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური რეფორმა, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყოს დაყოფილი საკითხებზე მათი დამოკიდებულებების მიხედვით და არა პიროვნებების ირგვლივ. ასე ეს პარტიები იქნება უფრო გამძლე და სტაბილური, და ეს გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიასაც", - განმარტავს "ამერიკის ხმასთან" ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ბრიჯიტ ბრინკი, რომელმაც 9 მაისს ვაშინგტონში „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბოლო წელიწადნახევარში საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მთავარ ასპექტებს და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს ურთიერთობა გარკვეულწილად გაღრმავდა კიდეც.

მან გაიხსენა მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში და ახალი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და უეს მიტჩელის ბოლოდროინდელი განცხადებები.

ბრიჯიტ ბრინკი, ფოტო - რადიო "თავისუფლება"

"თქვენ ყველამ იცით ჩვენი დამოკიდებულება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ისინი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ამერიკა აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ბრინკმა, და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში საქართველოსთან ურყევ პარტნიორობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკამ 1992 წლის შემდეგ ქვეყანას 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მისცა. ბრინკმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის მისიებში და ნატოსთან პარტნიორობას.

"რუსეთის მავნე გავლენა ევროპაში მოითხოვს დასავლეთის ერთიანობას და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად იმისათვის, რომ დავუპირისპირდეთ ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და საზოგადოებაში რუსეთის მიერ "ხელების ფათურის" მცდელობას", - განაცხადა ბრინკმა და გამხსნელ სიტყვაში საქართველოში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით. მაგრამ ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი, განსაკუთრებით კი მედია და პოლიტიკური პლურალიზმის მიმართულებით, ისევე როგორც მთავრობის ზედამხედველობის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მედია გარემოს გამჭვირვალობას, რადგან მედია პლურალიზმი არის საქართველოს დემოკრატიისთვის ღირსება და არა პოლიტიკური საფრთხე", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მისივე განმარტებით, საჭიროა რეფორმები ბიზნეს გარემოსა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისათვისაც.

"ბიზნეს-გარემო შეიძლება გაუმჯობესდეს, როგორც არსებული ისე მომავალი ინვესტორებისთვის, სხვადასხვა რეფორმების გატარებით. სასამართლო რეფორმა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. კერძო სექტორი კვლავ არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რომ ფინანსური დავები გადაწყდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად", - აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა.