ფლორიდის შტატი ტროპიკული შტორმის მოლოდინშია

შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, მექსიკის ყურის სანაპიროები მორიგი ტროპიკული შტორმის მოლოდინშია. ქარიშხალი სახელად გორდონი, ხშირი წვიმებით ფლორიდის შტატის სამხრეთ ნაწილს დღეს ემუქრება.

ფლორიდის გარდა, ხშირი ნალექი ლუიზიანის შტატში და ბაჰამის კუნძულებზეცაა მოსალოდნელი. "ქარიშხლების სეზონი პიკშია და დროა შესაბამისი ზომები მივიღოთ" - განაცხადა ფლორიდის გუბერნატორმა რიკ სკოტმა.

გასულ წელს, ქარიშხლებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ტეხასის შტატი, ფლორიდა, ვირჯინიის კუნძულები და პუერტო-რიკო. 2017 წლის სეზონზე ათასობით ადამიანი დაიღუპა და შტატებს ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა. შარშანდელი დამანგრეველი შტორმების შემდეგ, სიტუაცია ზოგ რეგიონში ჯერ კიდევ არ გამოსწორებულა.