ერთ დღეში 100-ზე მეტი რუსი დიპლომატის უპრეცედენტო გაძევება

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს კომპლექსი

შეერთებული შტატებიდან ათეულობით რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას, ევროპის კავშირის ქვეყნებიც შეუერთდნენ. ვაშინგტონმა ორშაბათს გამოცხადებული სიის პირველ ნაკადში 60 დიპლომატის გვარი დაასახელა. ამერიკის შემდეგ, ანალოგიური ნაბიჯი გადადგეს გერმანიამ, ჰოლანდიამ, ესტონეთმა და ჩეხეთმა.

ლიტვა სამ დიპლომატს აძევებს და რუსეთის 44 ოფიციალურ პირს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. რუს დიპლომატებს ასევე აძევებენ საფრანგეთიდან, ლატვიიდან და პოლონეთიდან. დღეს გათენებიდან დაღამებამდე, ქვეყნის დატოვების განკარგულება რუსეთის საელჩოების 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო.

ბრიუსელში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ სხდომას, რომელზეც საპასუხო ქმედების გადაწყვეტილება მიღეს, 14 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. ტუსკის თქმით, მომდევნო რამდენიმე დღეში ისინი დამატებით ნაბიჯებს გადადგამენ.

გადაწყვეტილება იყო პასუხი 4 მარტს ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის, ნერვული აგენტის გამოყენების ფაქტზე. ლონდონი რუსეთის ყოფილი ჯაშუშის მოწამვლაში ბრალს მოსკოვს სდებს.

დასავლეთის მიერ კოორდინირებულად განხორციელებული გაძევების ფაქტებზე, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა, კრემლის რეაქციამ არ დააყოვნა. მოსკოვი იმუქრება, რომ პროპორციული გაძევების გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მოკავშირეების მიერ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმა. მისი თქმით, ეს მოკავშირეების „მხარდამხარ დგომის აშკარა დემონსტრირებაა“, რომელთაც „რუსეთს ძლიერი სიგნალი გაუგზავნეს იმის თაობაზე, რომ ის ვეღარ გააგრძელებს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას“. ტერეზა მეის შეფასებით, ეს არის ისტორიაში რუსეთის დაზვერვის ოფიცრების ყველაზე მასშტაბური გაძევების ფაქტი.

მსგავსი განცხადება გააკეთა „ტვიტერზე“ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმაც. „ჩვენი მოკავშირეების დღევანდელი ექსტრაორდინალური საერთაშორისო პასუხი ისტორიაში შევა, როგორც რუსეთის დაზვერვის ოფიცრების ისტორიულად ყველაზე დიდი ჯგუფური გაძევება და ეს ჩვენს კოლექტიურ თავდაცვას დაეხმარება. რუსეთი დაუსჯელად ვერ შეძლებს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას“.

ტონი ბრენტონი, ბრიტანეთის ყოფილი ელჩი რუსეთში, ფიქრობს, რომ ამ ფაქტმა მოსკოვი ძირეულად შეძრა. კრემლისთვის ეს ძალიან მოულოდნელი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, რადგან რუსეთი, მისი აზრით, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ლონდონის მხარდაჭერას მხოლოდ დეკლარაციების დონეზე ელოდა.

კრემლის წარმომადგენლები ჯერ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. თუმცა, იქვე აცხადებენ, რომ მოსკოვის პასუხი „სიმეტრიული“ იქნება. რუსეთის დუმის ზედა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა სამთავრობო მედიასთან „რია-ნოვოსტი“ თქვა, რომ პუტინი ამერიკის დიპლომატიური მისიიდან სულ ცოტა, 60 წევრს გააძევებს.

კერძო საუბრებში რუსეთის ოფიციალური პირები გადაწყვეტილების მასშტაბურობასთან დაკავშირებით, გაკვირვებას არ მალავენ. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ბრიტანელებს კრემლის უშუალო მონაწილეობა გადაბირებული ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში, მათი აზრით, ბოლომდე არ დაუდასტურებიათ.

ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა, რაზეც რუსეთმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა და მოსკოვის დატოვება ზუსტად იმდენივე ინგლისელ დიპლომატს აიძულა. გასულ კვირას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო. მან მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან განაცხადა, რომ ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტის უკან „მაღალი ალბათობით“ რუსეთის მთავრობა დგას.

რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის ავსტრიამ, საბერძნეთმა და იტალიამ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ ისურვა. ევროპის კავშირში რუსეთის მიმართ არსებული აზრთა სხვადასხვაობა პუტინის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევის შემდეგაც დადასტურდა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, მაშინ როცა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა მას მისალოცი ბარათი გაუგზავნა.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის გევინ უილიამსონის თქმით, დასავლეთის მიერ ბრიტანეთის მხარდაჭერა „თავისთავად პრეზიდენტ პუტინის დამარცხებაა“. ესტონეთში ბრიტანელ ჯარისკაცებთან შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ „პრეზიდენტ პუტინთან და მის ქმედებებთან დაკავშირებით მსოფლიოს მოთმინების ფიალა თანდათან ევსება“.