აშშ და ევროკავშირი მიანმარის პუტჩისტებს სანქციებს უწესებენ

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს მიანმარის უმაღლეს თანამდებობის პირებს, რომლებიც გასულ თვეში მომხდარ სამხედრო პუტჩთან არიან დაკავშირებული. რეჟიმის ძალადობრივი და სულ უფრო მზარდი სასიკვდილო რეპრესიების მიუხედავად, პუტჩის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები კი კვლავ ქუჩებში გამოვიდნენ.

ევროკავშირმა ქონება გაუყინა და ვიზის მიღება აუკრძალა სამხედრო მთავარსარდალ მინ უნგ ჰლაინგს, კიდევ ცხრა მაღალი რანგის ოფიცერს და ქვეყნის საარჩევნი კომისიის ხელმძღვანელს.

იმავდროულად, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაადო მიანმარის პოლიციის უფროსს და არმიის საგანგებო ოპერაციების მეთაურს, რომლებიც, როგორც ითქვა, დემონსტრანტების წინააღმდეგ სასიკვდილო ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელი.

ასევე ნახეთ: მიანმარში აქციის მონაწილეებს უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს

სანქციები იმ დროს გამოცხადდა, როდესაც მანდალეის მთავარ ქუჩაზე ასობით დემონსტრანტი, უმეტესწილად ექიმები, ექთნები , სტუდენტები და სხვა სამედიცინო პერსონალი გამოვიდა. მათ თეთრი ხალათები ეცვათ და ერთ დღით ადრე ჩატარებული მსგავსი დემონსტრაცია გაიმეორეს.

სააგენტო “როიტერის” თანახმად, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მოწოდების საპასუხოდ, ქვეყნის საქმიან დედაქალაქ იანგონში, უამრავი მძღოლი ავტომობილის საყვირებს რთავდა.

Myanmar

გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ გადამოწმებული მონაცემებით, უშიშროების ძალებმა სულ მცირე 224 სამოქალაქო პირი მოკლეს, მათ შორის დაპატიმრებული ადამიანებიც. გაერომ თქვა, რომ მათი ნამდვილი რიცხვი შესაძლოა 250-ს აჭარბებდეს.