შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთსა და ჩინეთს შორის მზარდ თანამშრომლობას არქტიკის რეგიონში. სამხედრო სფეროში მათი ბოლოდროინდელი ურთიერთთანამშრომლობა არქტიკაში "შემაშფოთებელ სიგნალებს" შეიცავს, აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი არქტიკის საკითხებში მაიკლ სფრაგა.
რუსეთმა და ჩინეთმა გააღრმავეს სამხედრო თანამშრომლობა არქტიკაში. ეს ბოლო წლებში პეკინის მხრიდან მოსკოვისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებასაც მოიცავს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, დასავლეთს ამ ტიპის ვაჭრობაზე რუსეთისთვის სანქციები აქვს დაწესებული.
რესურსებით მდიდარ არქტიკაში ტერიტორიას რვა ქვეყანა ფლობს, მათ შორის - შეერთებული შტატები და რუსეთი. ჩინეთი თავს "არქტიკის ახლომდებარე" სახელმწიფოს უწოდებს და ცდილობს იქ "პოლარული აბრეშუმის გზა" შექმნას - ახალი მარშრუტი სატვირთო გემებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ გლობალურად ტემპერატურის ზრდის ფონზე, არქტიკული ყინული თანდათან დნობას იწყებს.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონის ახალი სანქციები რუსეთს და სხვა ქვეყნებსმაიკლ სფრაგა აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ბოლოდროინდელი სამხედრო თანამშრომლობის "სიხშირე და მრავალმხრივობა" ამ რეგიონში "შემაშფოთებელ სიგნალებს" გზავნის. ფრაგა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" ტელეფონით ესაუბრა.
"თავად ის ფაქტი, რომ ისინი ერთად მუშაობენ არქტიკაში, ჩვენთვის უკვე საყურადღებო იყო", ამბობს სფრაგა. მისი თქმით, ეს საკითხი ვაშინგტონის "რადარზე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არის", შეერთებული შტატები ამას "ფხიზლად და გულმოდგინედ" ეკიდება. "ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მათი საქმიანობის ამგვარ განვითარებას", - აღნიშნავს ამერიკის ელჩი.
სფრაგამ მაგალითად მოიყვანა ალასკის ნაპირებთან რუსული და ჩინური ბომბდამშენების ერთობლივი გასვლები ივლისის თვეში. ამის შემდეგ, ოქტომბერში რუსული და ჩინური სანაპირო დაცვის გემები ერთად მოძრაობდნენ ბერინგის სრუტეში.
ელჩის თქმით, მართალია, ეს აქტივობა საერთაშორისო წყლებში ხდებოდა და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით მიმდინარეობდა, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ბომბდამშენები ალასკის სანაპიროსთან დაფრინავდნენ, შეერთებული შტატებისთვის საგულისხმო მოვლენა გახლდათ.
"უნდა ვიფიქროთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, გავაძლიეროთ ჩვენი ალიანსები, ჩვენი და ერთობლივი თავდაცვა”, - თქვა სფრაგამ. „ალასკა, ჩრდილოეთ ამერიკული არქტიკა, ნატოს დასავლეთის ფლანგია და ამიტომ არქტიკის საკითხს ამ მიდგომით უნდა შევხედოთ“.
ჩინეთი და რუსეთი არქტიკული სანაოსნო მარშრუტების განვითარებაზე მუშაობენ. მოსკოვი ცდილობს, დასავლური სანქციების ფონზე, ჩინეთს კიდევ უფრო მეტი ნავთობი და გაზი მიაწოდოს. პეკინი კი გადაზიდვის ალტერნატიულ გზებს ეძებს, მალაკის სრუტეზე დამოკიდებულების შესამცირებლად.
არქტიკა მდიდარი ბუნებრივი რესურსებით გამოირჩევა. ის წიაღისეულ საწვავსა და მინერალებს ინახავს როგორც ხმელეთის საფარქვეშ, ისე ზღვის ფსკერზე. გლობალური დათბობის შედეგად, მისი მარაგები გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდება.