ამერიკამ ჰონგ-კონგთან 3 ხელშეკრულება გააუქმა და სანქციები აამოქმედა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ჰონგ-კონგთან სამი ორმხრივი ხელშეკრულება შეაჩერა. გადაწყვეტილება ჩინეთის ქმედების საპასუხოდ იქნა მიღებული.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, შეჩერებული შეთანხმებები მსჯავრდებულთა ექსტრადიციას და საერთაშორისო გადაზიდვებიდან შემოსავლის მიღებას ეხება.

ასევე ნახეთ: პომპეოს გაფრთხილება და პეკინის დილემა

ეს ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხო რეაქციაა, მას შემდეგ რაც ჩინეთმა ივნისში ახალი კანონი მიიღო. რომელიც ჰონგ-კონგზე ვრცელდება და ის გარკვეულ ქმედებებში (დივერსია, ტერორიზმი, სხვა მთავრობასთან კავშირი) სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. კანონი ჩინეთმა ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო პროტესტის შესაჩერებლად მიიღო, რომელიც იქ თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

დასავლეთში ფიქრობენ, რომ ჩინეთმა ამ კანონის მიღებით, 1997 წლის შეთანხმება დაარღვია, რომელიც ჰონგ-კონგისთვის ავტონომიის მაღალი ხარისხის მინიჭებას გულისხმობდა.

ასევე ნახეთ: ბრიტანეთი ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმებას აუქმებს

ჩინეთის ამ ქმედებებიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰონგ-კონგთან ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა. საუბარია შეღავათიან სავაჭრო და დიპლომატიურ ურთიერთობებზე. მეტიც, ამერიკამ ინდივიდუალური სანქციები დაუწესა ჰონგ-კონგის ლიდერს და სხვა ჩინოვნიკებს. სანქციები შეეხოთ ჩინეთის სახელისუფლებო პირებსაც.

"ჩვენი ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ჩვენს ღრმა შეშფოთებას პეკინის ქმედებაზე, რომელმაც მიიღო ისეთი კანონი, რომელიც არღვევს ჰონგ-კონგთან დადებულ შეთანხმებას და ლახავს ჰონგ-კონგში მცხოვრები ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს,"- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა.