შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებიs შეფასება გამოაქვეყნა. კრიტიკულ განცხადებაში, საელჩო ამბობს, რომ „ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა გააჩინა ეჭვები არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ“.
საელჩო იზიარებს „ეუთო/ოდირის“ (OSCE/ODIHR) დასკვნას, რომ „არჩევნები ტექნიკურ დონეზე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დააზიანა ფართოდ გავრცელებულმა და განმეორებითმა საჩივრებმა დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენებისა და არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც“.
ასევე ნახეთ: აშშ-ს საელჩო: "სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია"საქართველოში ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფასებით, სამწუხაროა „პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ“.
ამერიკის საელჩო ამბობს, რომ მართალია, „ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, [თუმცა] საარჩევნო პროცესი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე“.
„მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველების და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო ამბობს, რომ„ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ იდეალებთან“.
„არსებობს საფრთხე, რომ ეს და სხვა განმეორებული საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი [მოცემულობა] გახდეს. ამომრჩევლები საქართველოში იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს“, – განაცხადა საელჩომ.
ასევე ნახეთ: არჩევნების დღე თანმდევი მოვლენებითსაელჩო განცხადებაში საუბრობს საარჩევნო პროცესისას მედიისთვის ხელის შეშლის შემთხვევებზე, და ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის დაბრკოლებების შექმნის ინციდენტებზე და გამოხატავს შეშფოთებას.
საელჩოს შეფასებაში ნათქვამია, რომ სამწუხაროა ქმედებები, რომელმაც „შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია“.
„ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპებისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.