შეიძლება თუ არა ამერიკაში არჩევნების გაყალბება?

უკვე რამდენიმე კვირაა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამომრჩევლის სიებთან დაკავშირებულმა გაყალბებამ, შეიძლება, მათ გამარჯვებას საფრთხე შეუქმნას.

ტრამპის კამპანიას საარჩევნო სიების დარღვებების დასადასტურებლად 2012 წელს პიუს კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა მოჰყავს, რომლის თანახმადაც, დაახლოებით, 2 მილიონი გარდაცვლილი ადამიანი ჯერ ისევ სიებში იყო დარჩენილი.

პიუს კვლევითი ცენტრი ამ მონაცემებს მოძველებულ საარჩევნო სიებს უკავშირებდა და აცხადებდა, რომ ამომრჩეველთა სიებში არსებული შეცდომების მიუხედავად არც ერთ უკანონო ბიულეტენი არ დათვლილა.

ვისკონსინის შტატში ამომრჩეველთან შეხვედრაზე, ტრამპმა განაცხადა, რომ 10 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანები არჩევნებში ჯერ ისევ მონაწილეობენ.

ჯოშ დუგლასი კენტუკის უნივერსიტეტის საარჩევნო კოდექსის პროფესორია. ის ამბობს, რომ სხვა ადამიანის ნაცვლად ხმის მიცემა არა მხოლოდ კანონის დარღვევაა, არამედ უკიდურესად რთული გასაკეთებელიცაა:

“უნდა მოძებნო ადამიანის სახელი, რომელიც გარდაიცვალა, გაარკვიო არის თუ არა ის საარჩევნო სიაში და შემდეგ მის საარჩევნო უბანზე მიხდვიდე ხმის მისაცემად. ზოგიერთ შტატში პირადობის შემოწმების მკაცრი წესები არ აქვთ, მაგრამ აღაცა სახის დოკუმენტის წარდგენა მაინც აუცილებელი,” განაცხადა “ამერიკის ხმასთან” საუბარში დუგლასმა. მან ასევე დასძინა, რომ “პირადობის მოწმობის შემოწმებასთან ერთად ასევე ხდება ხელმოწერის შემოწმება - თქვენს ხელმოწერას იმ ხელმოწერას ადარებენ, რომელიც ამომრჩევლად დარეგისტრირების თავდაპირველ საბუთზეა მოცემული. საარჩევნო ჯიხურში მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შესვლა.”

პროფესორი დუგლასის ამბობს, რომ კვლევამ, რომელმაც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებში გამოყენებულ ერთ მილიარდზე მეტი ბიულეტენი შეისწავლა, სხვა ადამიანის ნაცვლად ხმის მიცემის მხოლოდ 31 სავარაუდო შემთხვევა გამოავლინა. გამოძიების ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ არც ერთი ეს დარღვევა ხმის გაყალბების შემთხვევა არ იყო.

ტრამპი ასევე აცხადებს, რომ არალეგალ იმიგრანტებს ხმის მიცემის საშუალება აქვთ. ეს კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არჩევნების ბედი გადაწყდეს.

დუგალსის თქმით, ამომრჩევლად დარეგისტრირება მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებს შეუძლიათ და თუ საარჩევნო სიებში არალეგალი იმიგრანტების სახელები გამოვლინდა, ეს მინიმალური რაოდენობა და შემთხვევით დაშვებული შეცდომა იქნება.

“არსებობს შეხედულება, რომ საარჩევნო სიებში შესაძლოა არალეგალი იმიგრანტები არიან შეყვანილი. თუ ეს მართლაც ასეა, ეს მხოლოდ შეცდომით ხდება და ამ ადამიანებმა შეიძლება არც კი იციან, რომ ამომრჩევლად არიან დარეგისტრირებული. მაგალითად, როცა ისინი სამთავარობო უწყებასთან ურთიერთობენ, სააგენტო ზოგჯერ ავტომატურად არეგისტრირებს მათ ამომრჩევლად. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ხმის მისაცემად მიდიან,” ამბობს პროფესორი დუგლასი.

ის ამბობს, რომ ხმების გაყალბებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადგილობრივ არჩევნებზე, სადაც ამომრჩევლის რაოდენობა დაბალია. ეროვნულ ან შტატის დონეზე ჩარტარებულ არჩევნებში ხმების გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს. გარდა ამისა, გაყალბების მცდელობა უკიდურესად მასშტაბური უნდა იყოს იმისთვის, რომ მან არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს.

დუგლასი ამბობს, რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები იქნებიან წარმოდგენილი. ამომრჩეველს, რომელსაც ეჭვი გაუჩნდება, რომ გაყალბების ფაქტის მოწმე გახდა, ან რომელსაც ხმის მიცემის დროს პრობლემები შეექმნა, შეეძლება დამკვირვებელთან ამის შესახებ განცხადების გაკეთება და საკითხის ადგილზე მყოფ სააჩევნო იურისტთან გარჩევა.

შტატების ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა არჩევნები არ გაყალბდეს. 50 შტატიდან 31-ში გუბერნატორი რესპუბლიკელია, მათ შორის რამდენიმე მერყევ შტატშიც, რომლებიც ამ არჩევნების ბედს გადაწყვეტენ. რესპუბლიკელი გუბერნატორებიც აცხადებენ, რომ მათ საარჩევნო სისტემაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.