ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: კლინტონს რომ უსმინოთ, სირიაში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება


ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალ ტრამპი აცხადებს, რომ მისი დემოკრატი ოპონენტის ჰილარი კლინტონის პოლიტიკა სირიაში კიდევ ერთი ომის მიზეზი გახდება.

ჩვენ ყურადღება “ისლამურ სახელმწიფოზე” უნდა გავამახვილოთ, თქვა ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო “როიტერსთან” ინტერვიუში. “ჰილარი კლინტონს რომ უსმინოთ, სირიაში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.”

სირიაში მიმდინარე კონფლიქტი ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო ინტერესების გადაკვეთის კომპლექსური გამოვლინებაა. სამოქალაქო დაპირისპირება 2011 წელს მშვიდობიანი დემონსტრაციით დაიწყო, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომას ითხოვდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კი სირია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცა.

რუსეთი და ირანი პრეზიდენტ ასადს უჭერს მხარს და მას მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. შეერთებული შტატები, თურქეთი და საუდის არაბეთი კი ასადის ოპონენტებს ეხმარება.

ჰილარი კლინტონს სურს ამერიკამ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა გააძლიეროს და ასადი გადადგეს. სამოქალაქო პირების დაცვის მიზნით, ის ასევე უჭერს მხარს “არა-საფრენი ზონის” დაწესებას. ამ გადაწყეტილებას პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწინააღმდეგება, რადგან ასეთი ზონა რუსეთის და სირიის ძალებთან სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობას წარმოქმნის.

ტრამპის თქმით, ასადის ხელისუფლებაში დარჩენა მეორე ხარისხოვანი მიზანი უნდა იყოს. კლინტონის კამპანიამ ტრამპის ეს განცხადება გააკრიტიკა და თქვა, რომ რესპუბლიკელი კანდიდატი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უმაგრებს ზურგს, რადგან მოსკოვი ასადის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის.

XS
SM
MD
LG