ბრიტანეთიდან ფრენების გაკონტროლებაზე ვაშინგტონშიც მსჯელობენ

ლონდონის ჰითროუს აეროპორტი

შეერთებულ შტატებში მსჯელობენ იმაზე, მოსთხოვონ თუ არა ბრიტანეთიდან ჩამოსულებს დამატებითი დოკუმენტაცია. განიხილება მოწმობის შემოღება, რომ მგზავრებმა კოვიდ-19-ზე ტესტი გაიკეთეს და პასუხი უარყოფითი ჰქონდათ.

ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ პანდემიასთან ბრძოლის საგანგებო ჯგუფი თეთრ სახლში შეიკრიბა და მსგავსი მოწმობის რეგულირებაზე იმსჯელა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ უარყოფითი პასუხი ლონდონიდან გაფრენამდე 48-72 საათის განმავლობაში უნდა იყოს აღებული.

ბრიტანეთის სამხრეთში გავრცელებული სარს-კოვ-2-ის ახალი მუტაცია, წინასწარი შეფასებებით, დაახლოებით, 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე აქამდე არსებული შტამები. 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე შეწყვიტა ბრიტანეთიდან ფრენების მიღება.

ასევე ნახეთ: კორონავირუსის ახალი შტამის გამო დიდი ბრიტანეთი იზოლაციაში ექცევა

შეერთებულ შტატებს ბრიტანეთიდან ფრენები ჯერ არ აუკრძალავს. მაგრამ, ამერიკის ორი შტატი, რომლებმაც გაზაფხულზე პანდემიის პირველი დარტყმა მიიღეს, ზომებს უკვე იღებენ.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ორშაბათს წინასწარი ტესტირების საჭიროებაზე ისაუბრა და იავიაკომპანიებს ახალი რეგულაციის შემოღება შესთავაზა. სამი ავიაკომპანია თანახმაა შტატის გუბერნატორის წინადადება მიიღოს. ესენია: "ვირჯინ ატლანტიკი", "ბრიტანული ავიახაზები" და "დელტა".

ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ ორშაბათს განკარგულება გასცა, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსულებმა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი გაიარონ. ბრიტანეთის შემდეგ, მსგავსი მუტაციის არსებობა სამხრეთ აფრიკაშიც დადასტურდა.

ასევე ნახეთ: ჯანმო: არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელია

ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ ორშაბათს თქვა, რომ არ არის გამორიცხული, ახალი კორონავირუსის ეს მუტაცია უკვე იყოს შეერთებულ შტატებში. ის აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია და ქვეყანაში ვირუსული ინფექციების ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება.

გერმანული ფარმაცევტული კომპანია "ბიონტექი" აცხადებს, რომ მათი ვაქცინა, რომელიც ამერიკულ "ფაიზერთან" ერთად შეიქმნა, "დიდი ალბათობით" ამ ახალი შტამის წინააღმდეგაც წარმატებით იმუშავებს. კომპანიის ხელმძღვანელმა უღურ შაჰინმა ბერლინში ჟურნალისტებს უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის მოდიფიკაციაც და მიწოდება 6 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.

ორშაბათს, "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინა 27 სახელმწიფოში გამოყენებისთვის ევროპის კავშირმაც დაამტკიცა. მისი გამოყენების ავტორიზაცია დეკემბრის მეორე ნახევარში ჯერ ბრიტანეთმა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გასცეს.