კონგრესში უკრაინის საკითხზე ერთსულოვნებაა

წარმომადგენელთა პალატა და სენატი რუსეთზე სანქციებს და უკრაინის დახმარებას ემხრობა, თუმცა, საბოლოო ტექსტზე ჯერ არ შეთანხმებულან
ორივემ, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს. ხუთშაბათს, ნაშუადღევს ორივე პლატაში განხილვები თითქმის ერთდროულად დამთავრდა და კენჭისყრა შედგა. კანონპროექტი გმობს ყირიმის რუსეთის მიერ ანექსიას და უკრაინას მილიარდი დოლარის კრედიტის გარანტიას აძლევს.

წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტში დამატებით შეტანილია უკრაინაში შეერთებული შტატების მაუწყებლობის გაფართოება, მათ შორის „ამერიკის ხმის“ დამატებითი სუბსიდირება. დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენჯელი ამბობს, რომ ამერიკა მტკიცედ დგას უკრაინელ ხალხთან ერთად, რომელსაც რუსეთის აგრესიასთან გამკლავება უწევს.

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო: კონგრესში უკრაინის საკითხზე ერთსულოვნებაა


„თუკი ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინასთან მუშაობას და დავეხმარებით მას აღმოსავლეთის ნაცვლად დასავლეთისკენ შემობრუნებაში, პუტინი წააგებს. მან შეიძლება უკრაინას ყირიმი წაართვას, მაგრამ მთელ უკრაინაში წაგებული დარჩება“ - აცხადებს კონგრესმენი. ის პრეზიდენტ ობამას მიერ უკრაინისადმი გამოხატულ პოზიციას სრულად იზიარებს. კონგრესმენ ენჯელის თქმით, პრეზიდენტი უკრაინის მხარდაჭერის საქმეში ევროპელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რასაც დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები ერთხმად მიესალმებიან.

რესპუბლიკელი კანონმდებლები პრეზიდენტ ობამას კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ისინი მოითხოვენ, რომ შეერთებული შტატების ლიდერმა საჯაროდ დაიხიოს უკან რუსეთთან გამოცხადებული ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკისგან, რაც კრემლის მიმართ ერთგვარი დათბობის მიმანიშნებელი იყო. რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, რომ ამერიკამ უკრაინას კიდევ უფრო მოცულობითი ფინანსური დახმარებაც უნდა აღმოუჩინოს.

„უნდა დაეხმაროს თუ არა შეერთებული შტატები და ნატოს პარტნიორები უკრაინელ ხალხს თუკი ისინი თავდაცვისთვის სამხედრო შეიარაღებას მოითხოვენ? მე დადებითი პასუხი მაქვს. რადგან თუ გვინდა, რომ პუტინი დაფიქრდეს, სანამ შემდეგ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ყირიმისთვის საფასური უნდა გადაიხადოს“ - აცხადებს სენატორი.

დებატებში მონაწილეთა შორის უმცირესობაში აღმოჩნდა რესპუბლიკელი დანა რორბაჰერი, რომელიც უკრაინის კანონპროექტს მხარს არ უჭერს. კონგრესმენის თქმით, პუტინი ნაციონალისტია და არა კომუნისტი. მიმდინარე მოვლენები კი არ ნიშნავს ცივი ომის პერიოდის დაბრუნებას შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის.

წარმომადგენელთა პალატის და სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტები ერთმანეთთან უნდა შეჯერდეს, ვიდრე მას პრეზიდენტ ობამას ხელმოწერისთვის წარუდგენენ. ჯერჯერობით კანონმდებლები საერთო ტექსტზე არ შეთანხმებულან და არც ის არის ცნობილი, თუ როდისთვის იგეგმება ერთობლივი კანონპროექტის კენჭისყრა.