კონგრესმა კიდევ ერთი დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს, 18 იანვარს, დროებითი ფინანსური პროექტი დაამტკიცა იმისთვის, რომ ფედერალური მთავრობის სამსახურების მუშაობა მარტის დასაწყისამდე გაგრძელდეს. ამით მთავრობის ე.წ. დახურვის თავიდან აცილება კიდევ ერთხელ მოხდება. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეგზავნა.

დროებით ზომებს მხარი 314-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 108 კი მის წინააღმდეგ წავიდა. მოწინააღმდეგეთაგან 106 რესპუბლიკელია, 2 - დემოკრატი. მანამდე კანონპროექტი დემოკრატებით კონტროლირებულ სენატში გაცილებით მარტივად დაამტკიცეს, 77 ხმით 18-ის წინააღმდეგ.

"ჩვენ ამერიკისთვის კარგი სიახლე გვაქვს. ამ პარასკევს მთაავრობა არ დაიხურება", - თქვა სენატის უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა ჩაკ შუმერმა. თუმცა ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი რესპუბლიკელი კანონმდებელი ამბობს, რომ "ამერიკელი ხალხისთვვის დანაკარგია დემოკრატებისთვის ხელის ჩაკიდება და მათთან მმართველი კოალიციის შექმნა იმის გასაკეთებლად, რისი გაკეთებაც შუმერსა და სენატს სურთ" - უთხრა ჟურნალისტებს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბობ გუდმა.

კონგრესის ორივე პალატაში დროებით საბიუჯეტო პროექტს კენჭი დაჩქარებული წესით უყარეს, რადგან ვაშინგტონში თოვლისა და უამინდობის გამო, ბევრი უწყება უქმეებს ნაადრევად იწყებს.

დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები ბიუჯეტზე შეთანხმებას უკვე თვეებია ვერ ახერხებენ. ამერიკაში ფისკალური წელი 1 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე მთავრობის მუშაობის დაფინანსება მხოლოდ დროებითი რეზოლუციებით ხერხდება.