1 ივნისს, გვიან ღამით, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მხარდაჭერილი ორპარტიული კანონი, რომელიც მთავრობის 31.4 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალის ზედა ზღვარს ზრდის. კანონმა ისტორიაში პირველი შესაძლო დეფოლტის თავიდან აცილება გახადა შესაძლებელი.
სენატმა 63 ხმით 36-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ერთი დღით ადრე, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, კანონმდებლებს ამ საქმის კიდევ გადადების დრო აღარ ჰქონდათ.
ასევე ნახეთ: სენატმა ამერიკის ვალი $28,9 ტრილიონამდე გაზარდახაზინის დეპარტამენტმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ კონგრესი 5 ივნისამდე არ იმოქმედებდა, ხაზინა სავალდებულო გადახდების გასტუმრებას ვეღარ შეძლებდა.
ბაიდენმა კონგრესის დროული ქმედება შეაქო. „ორპარტიული შეთანხმება ჩვენი ეკონომიკისთვის და ამერიკელი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა,“ თქვა დემოკრატმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში. მან იქვე დაამატა, რომ კანონპროექტს ხელს რაც შეიძლება სწრაფად მოაწერს.
კანონპროექტის თაობაზე წარმომადგენელთა პალატის სპიკერ კევინ მაკარტისთან მოლაპარაკებებში, ბაიდენი პირადად იყო ჩართული. ამ მწვავე ბრძოლის დასრულებისთანავე, სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა, შემდეგი საბიუჯეტო ბრძოლა გამოაცხადა.
„მომდევნო თვეებში, სენატის რესპუბლიკელები გააგრძელებენ მუშაობას, რათა ვაშინგტონის დემოკრატების უპასუხისმგებლო ხარჯვისგან დაცვა და კონტროლი უზრუნველყონ,“ განაცხადა მან.
ახალი კანონით, ფედერალურ სესხზე კანონით დადგენილი ლიმიტი 2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება. სხვა განვითარებული ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, შეერთებული შტატები ზღუდავს ვალის მოცულობას, რომლის სესხებაც მთავრობას შეუძლია, მიუხედავად იმისა, თუ კანონმდებლობით ხარჯვითი ნაწილი როგორაა განსაზღვრული.