აშშ-ის გაქცეულმა მოქალაქემ ბრალი აღიარა

შეერთებული შტატების 46 წლის მოქალაქემ ბრალი აღიარა მას შემდეგ, რაც თავის ქალიშვილთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მასალებთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა. მას იმედი ჰქონდა, რომ მოსკოვის დახმარების სანაცვლოდ, ამ მასალებს რუსეთს შესთავაზებდა.

ამ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" რუსული რედაქცია ავრცელებს.

დასავლეთ ვირჯინიის შტატში ჩრდილოეთ ოლქში შეერთებული შტატების პროკურორის ოფისმა, 6 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ ელიზაბეთ შირლიმ, რომელიც ერთ დროს შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებში, საჰაერო ძალების რეზერვში და სამხედრო ფლოტის რეზერვში მუშაობდა, აღიარა, რომ უკანონოდ ფლობდა ეროვნულ თავდაცვაზე ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს და მშობლის მიერ ბავშვის საერთაშორისო გატაცება ჩაიდინა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის ივლისში, შირლიმ თავისი ექვსი წლის ქალიშვილი მექსიკაში წაიყვანა. მას განზრახული ჰქონდა დაკავშირებოდა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს და ეთხოვა გადასახლებაში დახმარება იმ ქვეყანაში, რომელიც შეერთებულ შტატებში მის ექსტრადირებას არ მოახდენდა.

მექსიკაში ყოფნისას, შირლიმ რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირების მისამართით წერილობითი შეტყობინება მოამზადა, რომელშიც მიანიშნებდა “გადაუდებელ საჭიროებაზე” მოეხდინა “შეერთებული შტატებიდან [მისი] ცხოვრების სამუშაოსთან დაკავშირებული საგნების გადაგზავნა, სანამ მათი კონფისკაცია ან განადგურება მოხდებოდა.

გენერალური პროკურორის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ დემერსმა თქვა: “როდესაც შირლიმ დაზვერვაში თავისი სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაცია გაიტანა და შემდეგ მექსიკაში გაიქცა, მან ამერიკელი ხალხის მიერ მისთვის მინიჭებულ ნდობასუღალატა. შემდეგ მან ფსონი გააორმაგა, როდესაც საიდუმლო ინფორმაციის რუსეთის მთავრობისთვის შეთავაზება სცადა.”

1994 წლის შემდეგ, სხვადასხვა პერიოდში, შირლის საიდუმლო ინფორმაციაზე სხვადასხვა ხარისხით, მათ შორის სრულიად საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჰქონდა.

გასულ წელს, შეერთებული შტატების თხოვნით, მექსიკის პოლიციამ შირლი დააკავა.

საიდუმლო ინფორმაციის უკანონო ფლობისთვის, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მექსიკაში ბავშვის უკანონო გაყვანისთვის კი, რომელზეც მას მეურვე მშობლის უფლება არ ჰქონდა და მეურვე მამის მშობლის უფლებების შეზღუდვის მიზნით ჩაიდინა, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დემერსმა ასევე თქვა: “შეერთებული შტატებიდან გაქცევის შემდეგ შირლის შემაშფოთებელი საქციელის გათვალისწინებით, სამართალდამცავებს სწრაფად რომ არ ემოქმედათ, შესაძლო იყო ეროვნულ უსაფრთხოებას ბევრად მეტი ზიანი მიდგომოდა. ახლა შირლის, ამერიკელი ხალხის ნდობის ღალატისთვის პასუხისგება მოუწევს.”

ამ ვითარებაზე რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია.