თეთრი სახლი ჩინეთს პრეზიდენტ ტრამპის სამიზნედ ამოღებაში სდებს ბრალს. “ჩინეთს ამერიკის პრეზიდენტად სხვა სურს” - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ხუთშაბათს და პეკინს “ამერიკის დემოკრატიაში ჩარევა” დასწამა.
ერთი კვირით ადრე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს ბრალი დასდო ნოემბერში დაგეგმილ, შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე ჩარევის მცდელობაში. მცდელობის დეტალები მას არ გაუხმაურებია, მაგრამ თქვა, რომ ამის თაობაზე მაიკ პენსი თავის გამოსვლაში მოგვიანებით ისაუბრებდა.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი აჯილდოვებს და ახალისებს ამერიკულ ბიზნესებს, კინოსტუდიებს, უნივერსიტეტებს, მკვლევარებს, ჟურნალისტებს, ადგილობრივ და ფედერალურ მმართველებს. მისი თქმით, პეკინი უპრეცედენტო გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე ამერიკაში, 2018 და 2020 წლის არჩევნების სამზადისზე. მაიკ პენსმა დაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომლის ნათქვამი მოიშველია, რომელმაც მას უთხრა, რომ რუსეთის ჩარევა არაფერია ჩინეთის მცდელობებთან შედარებით.