შეერთებულმა შტატებმა დღეს, 2 თებერვალს, საპასუხო ავიაიერიში მიიტანა ერაყსა და სირიაში განლაგებულ, 85-ზე მეტ სამიზნეზე. ვაშინგტონი თვლის, რომ ისინი დაკავშირებულია ირანის რევოლუციურ გვარდიასთან და მათ მიერ მხარდაჭერილ ძალებთან იორდანიაში, სადაც დრონებით მიტანილი მსხვერპლიანი თავდასხმის შემდეგ, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა.
სავარაუდოდ, ეს პირველი დარტყმაა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებული, რამდენიმესაფეხურიანი საპასუხო რეაქციის, რომელიც თეთრ სახლში, ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების იერიშზე რეაგირების მიმართულებით განიხილებოდა.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა იორდანიაში ამერიკულ ძალებზე მომხდარ თავდასხმაზე რეაგირების გადაწყვეტილება მიიღოშეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები მოხვდა სამიზნეებს, მათ შორის, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებს. იერიში ასევე მიტანილია უშუალოდ რაკეტებზე, რაკეტებისა და დრონების შესანახ ობიექტებზე, ლოგისტიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების ქსელებზე. დაახლოებით 125 გასროლით აფეთქებულია 85-ზე მეტი სამიზნე.
სირიის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ სირიის უდაბნოს რაიონებში და სირიისა და ერაყის საზღვარზე, "ამერიკულ აგრესიას" შედეგად მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები.
იერიშამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტი ბაიდენი პენტაგონის ლიდერებთან ერთად, დელავერის შტატში, დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე ჩავიდა. ის სამხედრო აეროდრომზე დაესწრო იორდანიაში თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ნეშტის შეერთებულ შტატებში გადმოსვენებას.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეერთებული შტატების სამიზნეებს შორის უშუალოდ ირანში არცერთი არ ყოფილა, მომხდარი დიდი ალბათობით, გაზრდის შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის კიდევ უფრო მეტი ესკალაციის გამო. ისრაელის ომი პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასთან", რომელიც ასევე ირანის მხარდაჭერით მოქმედებს, უკვე სამ თვეზე მეტია გრძელდება.
ირანი უარყოფს მონაწილეობას როგორც შეერთებული შტატების ბაზაზე მიტანილ იერიშში, ისე "ჰამასის" მხარდაჭერის თაობაზე. "ჩვენ ამერიკასთან დაძაბულობა არ გვსურს, არც რეგიონში და არც მის გარეთ... ირანს ღრმად სწამს საერთაშორისო და რეგიონული დავების პოლიტიკური გზით გადაჭრის“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა.
ვაშინგტონი აქამდე აცხადებდა, რომ ირანთან ომი და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოება მას არ სურს. თუმცა, თეთრი სახლი იმასაც იმეორებდა, რომ ადმინისტრაცია პასუხს გასცემს თავდამსხმელებს იორდანიაში შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებზე მიტანილი იერიშის გამო.
„როგორც ვთქვი, პასუხი გვექნება თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლაზე. ამას საკუთარი გეგმით და პრეზიდენტის, ქვეყნის მთავარსარდლის არჩევანით გავაკეთებთ“, განაცხადა ორიოდ დღის წინ ჯონ კირბიმ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა.
ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ნატოს ძალების მეთაურმაც ანალოგიური განცხადება გააკეთა. „ვხედავთ, რომ ირანი რეგიონის დესტაბილიზაციას აგრძელებს. მისი პასუხისმგებლობაა ტერორისტების მხარდაჭერა, რომლებიც წითელ ზღვაში თავს ესხმიან გემებს. თეირანის ქცევა შეგვახსენებს, თუ როგორ გამოიყურება უკანონო სამყარო: ის არაპროგრნოზირებადი და საშიშია, უსაფრთხოება კი - კიდევ უფრო ძვირი“ - თქვა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.