შეერთებულ შტატებში ხვალ მნიშვნელოვანი არჩევნებია

ხვალ დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე ამერიკელი ამომრჩევლები გადაწყვეტენ, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს სენატს და წარმომადგენელთა პალატას. კამპანიისთვის კანდიდატებს და მათ მაღალი პროფილის მხარდამჭერებს, დღეს ბოლო დღე რჩებათ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების მხარდასაჭერად აქტიურ კამპანიას ეწევა. დღეს ის ამომრჩევლებს ინდიანის, მისურის და ოჰაიოს შტატებში ხვდება. წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამაც, ბევრი სხვა ყოფილი, თუ მოქმედი პოლიტიკოსი და ცნობილი ადამიანი.

დემოკრატები პარტიული მონოპოლიის გარღვევას ცდილობენ. ჯერჯერობით, კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს.

ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, დემოკრატების საკამპანიო ფონდი ბევრად აღემატება რესპუბლიკელების მიერ საარჩევნოდ მოზიდულ თანხებს. გამოკითხვები ადასტურებს, რომ დემოკრატიულ პარტიას წარმომადგენელთა პალატის მოგების მეტი შანსი აქვს, ვიდრე სენატის.

6 ნოემბერს ამერიკა წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 კონგრესმენს ირჩევს, სენატში კი - 100-დან 35-ს. ამასთან ერთად, ამერიკელები 50-დან 36 შტატი გუბერნატორს აირჩევენ. დღეისთვის 33 შტატს რესპუბლიკელი გუბერნატორი ყავს, 16 დემოკრატია და ერთი - დამოუკიდებელი კანდიდატი.

შტატიდან შტატში ამომრჩევლებს ბიულეტენზე განსხვავებულ კითხვებსაც უსვამენ. მათ შორის: უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანის ლეგალიზაცია, უნდა ჰქონდეთ თუ არა პატიმრებს ხმის მიცემის უფლება, გაფართოვდეს თუ არა სამედიცინო დახმარების პროგრამები, რა ტიპის საიდენტიფიკაციო საბუთი უნდა იყოს საკმარისი ხმის მისაცემად და მრავალი სხვა.