ობამამ ამერიკის ბიუჯეტი კონგრესს გაუგზავნა

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2015 წლის თავდაცვისა და საგარეო დახმარების ბიუჯეტს წლევანდელის დონეზე ტოვებს. მის მიერ კონგრესისთვის დასამტკიცებლად წარდგენილი ბიუჯეტი ასევე მოიცავს თანხების ისე გადანაწილებას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები უკეთესად იქნას დაკმაყოფილებული.

პრეზიდენტი თავდაცვის დეპარტამენტისთვის 596 მილიარდი დოლარის დამტკიცებას ითხოვს. ამასთან, დაფინანსების გადანაწილება ამერიკის შეიარაღებული ძალების 490 ათასი ჯარისკაციდან 440 ან 450 ათას სამხედრო მოსამსახურემდე შემცირებას გულისხმობს. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის ჯარის ყველაზე მცირე რაოდენობა იქნება.

თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი აცხადებს, რომ ახალი ბიუჯეტი ამერიკის შეიარაღებულ ძალებს უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის.

ობამა, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 42.6 მილიარდი დოლარის გამოტოფას ითხოვს, რაც არსებული დაფინანსების მცირედი შემცირებაა. სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მთავარი საგარეო უწყებაა, რომელიც საერთაშორისო დახმარებებს გასცემს.