ოთხშაბათს, აშშ-ის მთავარმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა მხარდაჭერა გამოუცხადა ჯეკ სმიტს, პროფესიულ პროკურორს, რომელიც მან ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიმინალური საქმეების წარმართვისთვის, დამოუკიდებელ პროკურორად დანიშნა.
ტრამპი, თავის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული შეტყობინებებით, სმიტს თავს არაერთხელ დაესხა. მან პროკურორს „ავაზაკი“ და „შეშლილი“ უწოდა, მათ შორის სამშაბათსაც, როდესაც მაიამის ფედერალურ სასამართლოში, ტრამპმა სმიტის მიერ წარმოდგენილი 37 პუნქტიანი ბრალდების საპასუხოდ, თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: რა ვიცით ტრამპის წინააღმდეგ ახალ ფედერალურ ბრალდებაზესმიტის დოკუმენტი ტრამპს ბრალს სდებს 31 უაღრესად საიდუმლო, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტის განზრახ შენახვაში და მათი დამალვის მცდელობაში, როდესაც ფედერალურმა ხელისუფლებამ დოკუმენტების გადაცემა მოითხოვა.
„როგორც ბატონი სმიტის დანიშვნის დროს უკვე ვთქვი, იმიტომ დავნიშნე, რომ ეს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულებისადმი იუსტიციის დეპარტამენტის ერთგულებას უსვამს ხაზს,“ უთხრა აშშ-ის მთავარმა სამართალდამცავმა ჟურნალისტებს.
„ბატონი სმიტი ვეტერანი პროფესიული პროკურორია,“ თქვა გარლანდმა, „მან შეკრა გამოცდილი და ნიჭიერი პროკურორების და აგენტების გუნდი, რომელიც კანონის უზენაესობისადმი და სამართლიანობისადმი მის ერთგულებას იზიარებს. ამ საკითხზე ნებისმიერ კითხვებს, პასუხი სასამართლოში შეტანილი შუამდგომლობებით უნდა გაეცეს,“ თქვა გარლანდმა.
სამშაბათს, სასამართლო დარბაზში, სმიტი ბრალდებულის მაგიდიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, თავისი კოლეგა პროკურორების უკან იჯდა, მაგრამ ტრამპთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.
ტრამპის პროკურორმა თავისი კლიენტი მოიხსენია როგორც „პრეზიდენტი ტრამპი“. მოსამართლემ, რომელიც ბრალის წაყენების პროცესს უძღვებოდა, დონალდ ტრამპი მოიხსენია როგორც „ყოფილი პრეზიდენტი“ და პროკურორმა კი მას „ბრალდებული“ უწოდა.
ტრამპმა ყველა ბრალდება უარყო და მათ „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა, რომლის მიზანიც საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კვლავ გამარჯვების არდაშვებაა. 2024 წლის არჩევნებისთვის ნომინაციის საკითხში, რესპუბლიკელთა ეროვნულ გამოკითხვებში ტრამპი დიდი უპირატესობით ლიდერობს.