პენტაგონმა განაცხადა, რომ ბუქარესტში ამერიკა-რუმინეთის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის დროს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუმინეთისთვის 95 ტაქტიკური ავტომობილისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვის ნებართვა გასცა.
ამ მანქანების, მძიმე შეიარაღების მსუბუქი ტაქტიკური ტრანსპორტის მიყიდვამ, შესაძლოა გარიგების სრული მოცულობა 104 მილიონ დოლარამდეც კი გაზარდოს. ადრე რუმინეთმა 35 ასეთი მანქანა ითხოვა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნებართვის გაცემის მიუხედავად, პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ მიანიშნებს იმაზე, მოეწერა თუ არა უკვე ხელი კონტრაქტს, ან დასრულდა თუ არა მოლაპარაკებები.
ასევე ნახეთ: რუმინეთში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენამერიკა-რუმინეთის სტრატეგიული დიალოგის საკვანძო დასკვნამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტრანსატლანტური ერთობის საჭიროებას, რათა მომავალი აგრესია შეკავდეს და შავი ზღვის, როგორც ევროპისა და აზიის სტრატეგიული დამაკავშირებლის სრული პოტენციალი ასევე მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.
ამ გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად, ამერიკის არმიამ განაცხადა, რომ ის რუმინეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ბაზირებული 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფების როტაციის პროცესშია, რაც რუმინეთსა და მეზობელ ქვეყნებში, პირადი შემადგენლობის და აღჭურვილობის რიცხვის დროებით ზრდას გულისხმობს. მომავალ რამდენიმე კვირაში, ადგილობრივი მცხოვრებლები სამოქალაქო გზებზე სამხედრო მანქანების და აღჭურვილობის მოძრაობის გაზრდილ რაოდენობას უნდა მოელოდნენ. 101-ე დივიზიამ განაცხადა, რომ ქვედანაყოფების ერთით ერთის ჩანაცვლება მოხდება და ეს არ ნიშნავს ძალის ამჟამინდელი დონის შეცვლას.
101-ე დივიზია რუმინეთში ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად გაიგზავნა და ეს ბოლო 80 წლის მანძილზე, ევროპაში დივიზიის პირველი განლაგებაა.