პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატთა გუნდმა კიდევ ერთი დამარცხება იწვნია. პარასკევს, ფილადელფიის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი ერთ-ერთი ბოლო მცდელობა, გაესაჩივრებინა შტატში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.
ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, ტრამპის ადვოკატთა საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. პრეზიდენტის ინტერესების დამცველთა გუნდი ახლა იმუქრება, რომ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტია. უსამართლო არჩევნების ბრალდება სერიოზულია. თუმცა, არჩევნებისთვის უსამართლოს ძახილით, ის უსამართლო არ გახდება. ბრალდება კონკრეტულ დანაშაულს და მის მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ აქ არც ერთი გვაქვს და არც მეორე" - თქვა მოსამართლე სტეფანოს ბიბასმა, რომელიც სამი მოსამართლისგან შემდგარ პანელს წარმოადგენს.
ასევე ნახეთ: ტრამპმა იმაზე ნაკლები პატიმარი შეიწყალა, ვიდრე მისმა წინამორბედებმამესამე სააპელაციო სასამართლომ მოსამართლეთა გადაწყვეტილება დასაბუთებულად ჩათვალა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სამივე მოსამართლე სტეფანოს ბიბასის ჩათვლით, რესპუბლიკელი პრეზიდენტების დანიშნულია, რაც პარტიული მიკერძოების ალბათობას გამორიცხავს. თავად მოსამართლე ბიბასი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, თანამდებობაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიშნა.
პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ადვოკატთა ჯგუფის ხელმძღვანელია ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი. პარასკევს გამართულ სასამართლო სხდომაზე ის 5 საათის განმავლობაში ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ პენსილვანიის შტატში არჩევნების მასობრივ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. თუმცა, ამ ბრალდების დამასაბუთებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მან ვერ შეძლო.
ტრამპის კამპანიამ არჩევნების გაყალბების თაობაზე სხვადასხვა შტატის სასამართლოებში ჯამში 30-ზე მეტი საჩივარი შეიტანა. საჩივრების უმეტეს ნაწილს, არც რესპუბლიკური მმართველობის ქვეშ მყოფ და არც დემოკრატიულ შტატებში, არასაკმარის მტკიცებულებათა გამო, მსვლელობაც კი არ მიეცა. ადვოკატთა ჯგუფს ჯერჯერობით ერთი პროცესიც არ მოუგია. თუმცა, მოგების შემთხვევაშიც კი, საქმე ხმების იმდენად მცირე რაოდენობას ეხება, რომ ბევრი სპეციალისტის თქმით, არჩევნების შედეგებს ეს ვერ შეცვლის.
პარასკევს, პენსილვანიაში მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღით ადრე, წინ უსწრებდა შტატში ჩატარებული არჩევნების შედეგების სერტიფიცირება. ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს პენსილვანიაში 80 000-ზე მეტი ხმით მოუგო.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: ამერიკა მზადაა მსოფლიოს გასაძღოლად და არა მის დასატოვებლადეროვნული მასშტაბით, წელს, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, ამერიკის ისტორიაში რეკორდული, 80 მილიონი ხმა მიიღეს, დაახლოებით 6 მილიონით მეტი, ვიდრე პრეზიდენტმა ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა. მაგრამ, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების ბედს არა ხმის მარტივი უმრავლესობა, არამედ საარჩევნო კოლეგიის წევრების, ე.წ. ელექტორების ხმები წყვეტს. ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ტრამპმა კი 232. გამარჯვებისთვის საჭირო იყო 270 ელექტორის ხმა. კოლეგია შედეგების სერტიფიცირებას ფორმალურად 14 დეკემბერს გეგმავს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ აგრძელებდა დაუსაბუთებელი განცხადებების სისტემატურად კეთებას, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა. მსგავსი რამ მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" 26 ნოემბერსაც დაწერა: "არ არსებობს ბაიდენს 80 მილიონი ხმა მიეღო!!! ეს 100%-ით გაყალბებული არჩევნებია". პრეზიდენტის განცხადებას "ტვიტერისგან" კვლავ გაფრთხილება აქვს დართული: "ეს განცხადება არჩევნების გაყალბებაზე საკამათოა".
ასევე ნახეთ: რა შემთხვევაში შევა ბაიდენი თეთრ სახლში - დონალდ ტრამპი ახალ განცხადებას აქვეყნებსპრეზიდენტი ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ საქმეში უზენაესი სასამართლო ჩაერევა. ამის პრეცედენტი 2000 წელს მოხდა, როცა უზენაესმა სასამართლომ, ფლორიდის შტატში გამარჯვების მინიჭებით, გადაწყვეტილება რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის სასარგებლოდ გამოიტანა და ამერიკის პრეზიდენტის ბედი გადაწყვიტა. თუმცა მაშინ, 2000 წლის 8 ნოემბრის არჩევნებზე, ბუშს და მის ოპონენტ, დემოკრატ ალ გორს შორის, განსხვავება მხოლოდ 1 784 ამომრჩევლის ხმა იყო.
არჩევნების შედეგების სერტიფიცირება 50-ივე შტატში უნდა მოხდეს, ვიდრე 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიის წევრები ყველა შტატიდან ერთად მოიყრიან თავს და შედეგებს ფორმალურად დაამტკიცებენ. ყოველგვარი უთანხმოება და შედეგების გაპროტესტება 8 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე, ყველა შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ ბაიდენმა დიდი უპირატესობით მოიგო როგორც საარჩევნო კოლეგიის, ისე ამერიკელ ამომრჩეველთა ხმები.