შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა ირანულ ფირმებს და პირებს, რომლებსაც ბრალად დრონების დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობის შეძენა ედება.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური ქონების კონტროლის ოფისმა, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან კოორდინაციით, ირანის დრონების და შეიარაღების პროგრამებში გამოსაყენებელი აღჭურვილობის სავარაუდო შეძენისთვის, ასეთი სტატუსი ირანსა და თურქეთში ოთხ იურიდიულ პირს და სამ ფიზიკურ პირს მიანიჭა.
ასევე ნახეთ: რუსეთმა და ირანმა სანქციების დასაძლევად, საბანკო სისტემები გააერთიანესსანქციების ახალი რაუნდის „შავ სიაში“ მოხვდნენ ირანში ბაზირებული თავდაცვითი ტექნოლოგიების და კვლევის ცენტრი, მისი მომმარაგებელი ფირმა „ფარაზან ინდასტრიალ ენჯინიერინგი“ და კიდევ ორი ფირმა, კომპანიების შემსყიდველ აგენტებთან ერთად.
ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მომმარაგებელი ქსელი ირანის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკისთვის მუშაობს, რომელიც დრონების და ბალისტიკური რაკეტების შემუშავებით დაკავებულ რამდენიმე ფირმას ზედამხედველობს.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანი რუსეთს დრონებით ამარაგებს, რომელსაც კრემლი უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყენებს.
სანქციები გაყინავს ნებისმიერ ქონებას, რომელიც ამ სამ პირს და იურიდიულ პირებს აშშ-ის იურისდიქციაში აქვთ. ამასთან ერთად, ის ადამიანები, ვინც შეერთებულ შტატებში ასეთი სტატუსის მქონე პირებთან გარიგებებში შევლენ, შესაძლოა თვითონაც სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ, განაცხადა ხაზინის დეპარტამენტმა.