ელჩი დეგნანი: "მნიშვნელოვანია ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს"

ქართველი ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებს ამერიკის შეერთებული შტატები ელჩი კელი დეგნანი ეხმაურება და ამბობს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული იყოს. ელჩი დეგნანი განმარტავს, რომ ჟურნალისტები დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

„გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხშირად მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატებისა და პარტიების შეხედულებებზე მნიშვნელოვან საკითხებზე", - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

ასევე ნახეთ: "საქართველოს პირველად აქვს შანსი აირჩიოს უფრო დაბალანსებული და მრავალფეროვანი პარლამენტი,"- ალექსანდრე დარდელი

ამერიკელი დიპლომატის თქმით განსაკუთრებული როლი ჟურნალისტებს საარჩევნო პერიოდში ეკისრებათ, "როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდ19-ის პანდემიის გამო," - განუცხადა ელჩმა დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ მოხსენებისას.

ელჩი დეგნანი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა, რომლებიც USAID-ის მეშვეობით აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობენ, არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.

Your browser doesn’t support HTML5

პოლარიზებული მედიაგარემო და რუსული დეზინფორმაცია - არჩევნებამდე რამდენიმე კვირა რჩება

კელი დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ყურადღებით დააკვირდნენ მედია გარემოს და ჟურნალისტებისადმი მოპყრობას წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.