ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

90-იანი წლებიდან დღემდე - ბრუნდება, თუ არა საქართველო უკან წარსულში?


ქართულ საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ საქართველო უკან, წარსულში ბრუნდება. ის, რომ ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით პრობლემებია, დასავლელი პარტნიორებიც მიუთითებენ. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ საქართველოში "ახლა ყველაზე, მნიშვნელოვანი არჩევნები" იმართება, რომელსაც ამერიკა დიდი ყურადღებით აკვირდება. თუმცა, პრობლემების მიუხედავად კენეტ იალოვიცი, რომელიც 90-იან წლებში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო, ამბობს, რომ საქართველომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და პრობლემების მიუხედავად, წინ მიდის.

"საქართველოში 1998 წელს ჩავედი და ძალიან განსხვავებული ვითარება იყო, დღევანდელთან შედარებით. შეიძლება ითქვას, ეს იყო "კორუფციის ერა", პერიოდი საქართველოსთვის, როცა ქვეყანა ვერ აგროვებდა გადასახადებს და თითქმის ყველგან იყო კორუფცია. მაშინ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელიც კარგი პოლიტიკოსი იყო და მე მას დიდ პატივს ვცემდი. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. მას შემდეგ, რაც მე საქართველო დავტოვე 20 წელი გავიდა. საქართველომ ძალიან დიდი გზა გაიარა. ქვეყანაში ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსტიტუტები, გაუმჯობესდა ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად, თუმცა, საქართველო ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანაა. საქართველოს ძალიან სჭირდება უცხოური ინვესტიციები, მაღალია უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებელი, პრობლემებია დემოკრატიის კუთხით, რაც მე მაშფოთებს, თუმცა პრობლემების მიუხედავად, 20 წლის წინანდელ საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის ძალიან, დიდი განსხვავებაა,"- ამბობს ამერიკელი დიპლომატი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წინ მიდის, დიპლომატი კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ მესიების დრო უნდა დასრულდეს და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს. ცვლილებებისთვის ერთადერთ გზად კი ამერიკელი დიპლომატი არჩევნებს მიიჩნევს.

"ჩემში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის პროცესები, რომელიც საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში განვითარდა. ეს პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და გრძელდება. მე არ ვაპირებ ყველა მოვლენის განხილვას, თუმცა შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ საქართველოში დიდი სირთულეებია. ახლახანს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა პარტნიორი ქვეყნების შუამავლობით ქართველმა პოლიტიკოსებმა კონსესუსს მიაღწიეს - რაც მე ძალიან მახარებს.

ეს არჩევნები საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს არის გამოწვევა, სადაც საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ ის არის ერთგული დემოკრატიული პრინციპების მიმართ. რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს, სადაც მთავრობასა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები მიაწვდინონ ხმა ამომრჩეველს, საზოგადოებას. ასევე დაუშვებელია ყოველგვარი ძალადობა. პარტია "ქართულმა ოცნებამ არ უნდა გამოიყენოს სამთავრობო მექანიზმები და ინსტიტუტები თავის სასარგებლოდ. საქართველოში ბევრი საკითხია, რომლიც დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა და ამ არჩევნებს ამერიკა და ევროპა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. შეშფოთებები მზარდია, გახსოვთ წერილები ვაშინგტონიდან, სადაც ამერიკელი კონგრესმენები საქართველოსგან დემოკრატიული ფასეულობების დაცვას მოითხოვდნენ, ასევე, ჩანაწერი საქართველოსადმი ამერიკის დახმარების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში აღარ დადგება,"- ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ პანდემია კოვიდ19-ს საქართველოს მთავრობა კარგად გაუმკლავდა, რაც "ქართულ ოცნებას" უპირატესობას აძლევს.

"საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები პანდემიის დროს იმართება. მთავრობამ კოვიდ19-ის პანდემიას კარგად გაართვა თავი და კოვიდ19-ის მაჩვენებლები საქართველოში არ არის საგანგაშო. ბოლო პერიოდში ვიცი, რომ მაჩვენებლები გაიზარდა, თუმცა, ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხდება. პანდემიასთან სწორი ბრძოლა მთავრობას აძლევს უპირატესობას. მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც პანდემიასთან საბრძოლველად პრეროგატივა ექიმებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს მიანიჭეს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შეინარჩუნოს ეს ვითარება და არჩევნების წინ ოპონენტებს მისცეს საშუალება თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი აზრი. ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება და ამის შეზღუდვა არ მოხდება,"- ამბობს დიპლომატი იალოვიცი.

ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით ნათელია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შესაძლოა არ ჰყავდეს ერთპიროვნული გამარჯვებული და პარლამენტი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებით დაკომპლექტდეს. დიპლომატს ვკითხეთ, თუ პარლამენტში ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკოსები შევლენ, რამდენად შეძლებს ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის პირობებში ქვეყანა განვითარებას და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ქვეყანას.

"ძალიან საინტერესო კითხვაა. საქართველოში დაახლოებით ისეთი ვითარება იქნება, როგორიც იყო 2012 წელს. მაშინ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის პოსტს მიხეილ სააკაშვილი იკავებდა მანამ, სანამ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს აირჩევდა ქართველი ხალხი. ეს ერთგვარი კოჰაბიტაცია იყო. ეს არ იყო კატასტროფა, თუმცა ვერ ვიტყვით რომ კარგად მუშაობდა მაშინ ეს სისტემა. ახლა იცით, რომ პარლამენტში მოხვედრისთვის ბარიერი საკმაოდ დაბალია, დიდი შანსი არსებობს, რომ პარლამენტი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებით დაკომპლექტდეს და ერთი რომელიმე პარტია არ იყოს დომინანტი. ეს ვფიქრობ კარგი და მნიშვნელოვანი მიღწევა და ახალი გამოწვევა იქნება საქართველოსთვის. საქართველოში ახლა არის დრო, პერიოდი როცა უნდა დასრულდეს ე.წ. მესიების დრო - ჯერ იყო გამსახურდია, შემდეგ შევარდნაძე, სააკაშვილი, ახლა ივანიშვილი. პოლიტიკურ პარტიებს ბევრი შრომა მოუწევთ, რათა შექმნან კოალიციური მთავრობა და ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება.

კოალიციური მთავრობის შექმნა სხვადასხვა პრობლემებს ითვალისწინებს. ამის ნათელი მაგალითი ვნახეთ ისრაელში. თუმცა პოლიტიკოსებს ბევრი შრომა მოუწევთ და საჭირო იქნება კონსენსუსი, მეტი მოსაზრება უფრო ჯანსაღ პოლიტიკურ ვითარებას ქმნის და მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა პროცესის მართვა შესაძლებელია, აქ განსაკუთრებით საჭირო იქნება პოლიტიკური უნარების გამოვლენა. ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში ეს ის არის, რაც ქართველ ხალხს სურს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის,"- ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან პოლარიზებული გარემოა, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ცნობილმა და გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ფსონი ახალგაზრდებზე უნდა დადონ და მათ მისცენ საშუალება ქვეყნის მართვის.

"ჩემი აზრით საქართველოსთვის ყველაზე ჯანმრთელი განვითარება ის იქნებოდა, თუ გამოცდილი, ძლიერი და რეიტინგული ლიდერები ახალგაზრდებსაც მისცემდნენ შესაძლებლობას აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის მართვაში. უბრალოდ ვისურვებდი ასე მოხდეს, რადგან საქართველოს ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, თუმცა მათ ამის საშუალება არ ეძლევათ,"- ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

საქართველოსა და ბელარუსში ამერიკის ყოფილი ელჩი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ის არ ელოდება, რომ საქართველოში ბელარუსის სცენარით პროცესები განვითარდეს. ელჩი ამბობს, რომ ბელარუსში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა, სადაც პროცესებს დიქტატორი განვითარების საშუალებას არ აძლევს. რაც შეეხება საქართველოს: დიპლომატი ამბობს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული განვითარება და უნდა ჩაატაროს თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები.

"ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, სადაც ყველა მხარეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს მხარდაჭერა. დაუშვებელია ხმების ყიდვა, პროცესებში სახელისუფლებო რესურსის გამოყენება, ფიზიკური დაპირისპირება ან ოპონენტების დევნა. ქვეყანამ უნდა აჩვენოს, რომ ის არის ერთგული დემოკრატიული პროცესების მიმართ,"- ამბობს, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG