აშში-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატს მიმოიხილავს. ვრცელ ანგარიშში საუბარია ბიზნესთან დაკავშირებულ ქართულ კანონმდებლობაზე, რეგულაციებზე, საკუთრების უფლების კუთხით არსებულ გარემოსა და ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე.
„მცირე, მაგრამ ღია ბაზარი“ - ასე აფასებს დეპარტამენტი საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და წერს, რომ ქვეყანამ 1991 წლიდან დღემდე, მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. შედეგად, საქართველოს საბაზრო ეკონომიკა შეფასებულია, როგორც „შედარებით კარგად მომუშავე და სტაბილური.“ ამის ფონზე, ანგარიშში გამოთქმულია კრიტიკული მოსაზრებებიც, მეტწილად სასამართლო დავებთან დაკავშირებით. „ზოგიერთი კომპანია გამოხატავს ნდობის მზარდ ნაკლებობას სასამართლო სექტორის უნარის მიმართ, კომერციულ დავებში გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად“ - ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მუშაობას განაგრძობს, ქვეყანა კი, ბიზნესის წარმოების მხრივ რეგიონში მაღალ ადგილს ინარჩუნებს. „მთლიანობაში, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, პირობები კარგია“ - მიიჩნევს დეპარტამენტი.
უცხოური ინვესტიციების კონტექსტში ასევე საუბარია რამდენჯერმე შეფერხებულ ანაკლიის პორტის პროექტზე. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ „საქართველო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის“. კანონმდებლობა უცხოეთის ინვესტიციებისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს, მაგრამ ინვესტორებისთვის არ აწესებს შეღავათებს. ასევე საუბარია, პრივატიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე - „ზოგჯერ, პრივატიზების გამჭვირვალობა პრობლემაა“
საქართველოს საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გახსნის ამერიკული ბიზნესის საქართველოში ფართოდ წარმოდგენის მიმართულებით.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად, უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საქართველოში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით“ - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
„მისასალმებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უაღრესად პოზიტიურად აღიქვამს იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით; ასევე, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი დამატებითი ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ის დინამიკა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის მიმართულებით, კულტურის თვალსაზრისით და ხალხთაშორისი ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, არის მთლიანად ის ჩარჩო, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო აღრმავებს.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას.
Facebook Forum