ნულოვანი ვარიანტი ავღანეთში

ამერიკა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესაძლებლობებს შორის ნულოვან ვარიანტსაც განიხილავს - „ნიუ იორკ თაიმსი“
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ავღანეთიდან ჯარები სრულად გამოიყვანოს, ისე რომ სამხრეთ აზიის ამ ნაწილში ამერიკული შენაერთები მომავალი წლისთვის საერთოდ აღარ დარჩეს. გაზეთში გამოქვეყნებული მასალა ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირთა განცხადებებზე აპელირებს, თუმცა წყაროების ვინაობას არ ასახელებს.

პუბლიკაციის მიხედვით, პრეზიდენტი ობამა ავღანელ კოლეგა ჰამიდ კარზაისთან მოლაპარაკებებით „თანდათან უფრო უკმაყოფილო რჩება“. მოვლენების ამგვარმა განვითარებამ კი შესაძლოა ავღანეთში შეერთებული შტატების წარმომადგენლობა ნულოვან ვარიანტამდე მიიყვანოს, აღნიშნავს „ნიუ იორკ თაიმსი“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ავღანეთთან დაკავშირებით საუბარი ჯარების სრულად გამოყვანაზე ჩამოვარდა. ანალოგიური მასალა „როიტერსმაც“ გამოაქვეყნა, რომელშიც ბენ როდესი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესაძლებლობებს შორის ნულოვან ვარიანტსაც განიხილავს.