თალიბანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შემთხვევაში, ამერიკა ავღანეთიდან ჯარს გამოიყვანს

პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ყველა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს ავღანეთიდან შინ დააბრუნებს.

თეთრი სახლიდან ტრამპის კომენტარი მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები და მეამბოხე ჯგუფი სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო ხელშეკრულების პროექტზე შეთანხმდნენ, რომელიც იმისკენ არის მიმართული, რომ 17 წლიანი ავღანეთის კონფლიქტი დასრულდეს.

თალიბანთან დოჰაში რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, ავღანეთის შერიგების საკითხზე შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა თქვა, რომ ორივე მხარე „პრინციპულად“ შეთანხმდა ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც ამბოხებულებს ავალდებულებს, არ დაუშვან ტრანსნაციონალური ტერორისტული ჯგუფების, მათ შორის ალ-ყაიდას და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ავღანეთის ტერიტორიის გამოყენება ამერიკაზე და მის მოკავშირეებზე, ასევე ავღანეთის მეზობლებზე თავდასხმების მოსაწყობად.

ამის სანაცვლოდ, შეერთებული შტატები ქვეყნიდან ჯარს გაიყვანს მაგრამ შეეძლება თალიბანს ცეცხლის შეწყვეტა და ავღანეთის მთავრობასთან ღია დიალოგი მოსთხოვოს.

თალიბანის განცხადებით, მხარეები მოლაპარაკებას მომდევნო თვეში გააგრძელებენ. იმ დროს, როდესაც მეამბოხე ჯგუფი ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ის ქაბულის მთავრობის წარმომადგენლებთან შედხვედრაზე დღემდე უარს ამბობდა.