შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მოქალაქეს ბრალი აგენტობაში წარუდგინა

ხუთშაბათს, ჩინეთის მოქალაქის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების გამოქვეყნების დროს ამერიკელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ კალიფორნიაში გამოიყენა აგენტი, რათა შტატის პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 64 წლის იაონინგ “მაიკ” სანი ლოს-ანჯელესის სიახლოვეს, ჩინო ჰილში მისივე სახლში დააპატიმრა. ბრალდების მიხედვით, ის ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დროს, უცხოეთის მთავრობის ინტერესებით მოქმედებდა.

ბრალდებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს სანი ადგილობრივ არჩევნებში ერთ-ერთი პოლიტიკოსის კამპანიის მენეჯერად მუშაობდა და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. პოლიტიკოსის ვინაობა ამ ეტაპზე არ მჟღავნდება.

ასევე ნახეთ: აშშ-ის სენატორ მენენდესს უცხოეთის აგენტობის ბრალს წაუყენებენ

კამპანიის დროს ის სავარაუდოდ შევიდა შეთქმულებაში ჩენ ჯუნთან - ჩინეთის მოქალაქესთან, რომელიც გასულ თვეში ციხეში მოათავსეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსის არჩევის ძალისხმევაში, პეკინის უკანონო აგენტად მოქმედებდა.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩენი ჩინეთის მთავრობის ოფიციალურ პირებთან განიხილავდა, თუ როგორ მოეხდინათ გავლენა ადგილობრივ პოლიტიკოსებზე, კერძოდ - ტაივანის საკითხზე.

საბრალდებო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 2022 წელს, პოლიტიკოსის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩენმა სანს დაავალა მოემზადებინა ანგარიში არჩევნების შესახებ ჩინეთის მთავრობის ოფიციალური პირებისთვის გასაგზავნად, რომლებმაც გაწეული სამუშაოსთვის მას მადლობა გამოუცხადეს.

სანს ბრალი უცხოეთის მთავრობის უკანონო აგენტობის ერთ ეპიზოდში ედება, რომელიც ფედერალურ ციხეში მაქსიმუმ 10 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.