რუსეთი უკრაინას გაზის ფასის შემცირებას პირდება

გაკოტრების თავიდან ასაცილებლად უკრაინას ყველაზე მცირე 10 მილიარდი დოლარი სჭირდება
კიევში და სხვა ქალაქებში მიმდინარე ევროკავშირის მომხრე დემონსტრაციების ფონზე რუსეთი უკრაინას დაჰპირდა ბუნებრივი გაზის ფასის ერთი მესამედით შემცირებას და 15 მილიარდი დოლარის სესხს.

რუსული დახმარების შესახებ განცხადება დღეს, მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა. ეს მოლაპარაკება შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის.

პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინისთვის გაზის ფასს, 1000 კუბურ მეტრზე 268.5 დოლარამდე შეამცირებს და ეს დროებითი ნაბიჯი იქნება.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან 15 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება უკრაინის მთავრობის ფასიან ქაღალდებში.

გაკოტრების თავიდან ასაცილებლად უკრაინას სჭირდება ყველაზე მცირე 10 მილიარდი დოლარი.