გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოითხოვა გლობალური აქტიურობა, რათა სწრაფად გაფართოვდეს წამლების, ვაქცინების და პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობი შემუშავება და მათზე წვდომა. იმავდროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამშაბათს გაფრთხილება გამოთქვა, რომ კორონავირუსის კარანტინების ნაჩქარევმა შემსუბუქებამ, შესაძლოა აფეთქების განმეორებამდე მიგვიყვანოს.
გაეროს რეზოლუცია გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს სთხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს და გამოსცეს რეკომენდაციები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტესტირებაზე, სამედიცინო საშუალებებზე, წამლებზე და მომავალ ვაქცინებზე, ყველა ადამიანს - განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში - თანაბარი და დროული წვდომა ჰქონდეს.
აფრიკელი ოფიციალური პირები ხმამაღლა აცხადებდნენ სამედიცინო საშუალებების საჭიროების შესახებ 54 ქვეყნიან კონტინენტზე, სადაც ჯანდაცვის სისტემები ყოველთვის არასაკმარისად იყო დაფინანსებული და ვირუსი მათ წალეკავს.
გაეროს აფრიკის ეკონომიკური კომისიის, გასულ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ტესტირებისთვის, პერსონალური დამცავი აღჭურვილობისთვის და კორონავირუსის მკურნალობისთვის, აფრიკას 44 მილიარდი დოლარი დასჭირდება, უარეს შემთხვევაში კი, მათი შეფასებით 446 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.
ჯანმო ამბობს, რომ 43 აფრიკულ ქვეყანაში, “კოვიდ-19” პაციენტების სამკურნალოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 5 ათასზე ნაკლები საწოლია. ეს, 1 მილიონ ადამიანზე დაახლოებით 5 საწოლია. შედარებისთვის, ევროპაში 1 მილიონ ადამიანზე 4 ათასი საწოლია.
ბევრ ქვეყანას უწევდა იმ უთანასწორობასთან შებრძოლება, რომელსაც ვირუსი ხშირად ააშკარავებდა და იმის უზრუნველყოფა, რომ საჭირო ჰიგიენურ პროდუქტებზე და დამცავ აღჭურვილობაზე წვდომა ყველას ჰქონოდა.
სამშაბათს, ვირუსით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ესპანეთში, ხელისუფლება ფიქრობდა, პირბადეებზე, ხელთათმანებზე, ხელის სადეზინფექციო საშუალებებზე და სხვა ნაკლებად ხელმისაწვდომ დამცავ აღჭურვილობაზე, მაქსიმალური ფასების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიეღო.
კვირას, მთავრობამ გამოაქვეყნა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა განსაკუთრებული ზომები იმისთვის, რომ რესურსებზე წვდომა ყველას ჰქონდეს და ამბობს, რომ არ შეიძლება ფასები “ექპლუატატორული” იყოს.