გაეროს ინფორმაციით, 2018 წელს მსოფლიოში 50 000 ქალი მოკლეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ქალთა უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის 2018 წლის მონაცემები გამოაქვეყნა.

გაეროს ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, ფემიციდის 50 000 ფაქტი დაფიქსირდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში, ფემიციდის შემთხვევევების საერთო მაჩვენებელი იზრდება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ქალთა მკვლელობის ყველაზე დიდი რაოდენობა აზიაში დაფიქსირდა. კვლევით ირკვევა, რომ აზიაში ქალებსა და გოგონებს, მეტ წილად, პარტნიორები ან ოჯახის წევრები კლავენ.

ფემიციდის მსხვერპლთა რაოდენობა:

1. აზია - 20 000 მსხვერპლი

2. აფრიკა - 19 000 მსხვერპლი

3. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები - 8 000 მსხვერპლი

4. ევროპა - 3 000 მსხვერპლი

5. ოკეანეთი - 300 მსხვერპლი

ასევე, გაეროს მონაცემებით, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ათიდან ყოველი მეორე ქალი ინტერნეტში ძალადობისა და დამცირების მსხვერპლია. ორიდან ერთის შემთხვევაში კი შეურაცხყოფის მიზეზი, სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოებია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, სახელმწიფო მმართველობაში ქალთა ჩართულობა გაზრდილია. მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა რაოდენობა გაორმაგდა და დღევანდელი მონაცემებით, გლობალურად კანონმდებელთა 23% ქალია.

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში, კიბოთი ყოველ 2 წუთში ერთი ქალი კვდება. ყოველწლიურად კი, მკერდის კიბოს დიაგნოზი მსოფლიოში 2.1 მილიონ ქალს უდგინდება.

როგორია ქალთა უფლებების შესახებ, ოფიციალური მონაცემები საქართველოში?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, ქალზე ძალადობის 5 875 შემთხვევა დაფიქსირდა. სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამი არ არის ფემიციდის რამდენი შემთხვევაა 2018 წელს დაფიქსირებული.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში უფრო მეტად 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებზე ძალადობენ. 5 875 ძალადობის შემთხვევიდან, 2 142 შემთხვევა სწორედ ამ ასაკის ქალებში ფიქსირდება.