ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ქალ პარლამენტართა რიცხვის ზრდა შენელდა


მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო კვირეული აღინიშნება (5-11 მარტი). ამ კვირეულის დასაწყისში „პარლამენტთაშორისმა კავშირმა“ (IPU) სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობას შეეხება. ამ ანგარიშის თანახმად, პარლამენტარ ქალთა რაოდენობა ბოლო 2 წლის განმავლობაში გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე წინა წლებში.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წლამდე მსოფლიოში ყოველწლიურად ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა. მაგრამ ამავე ანგარიშის თანახმად, ეს მზარდი ტენდენცია შემცირდა.

გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ დაახლოებით 1 %-ით იზრდებოდა და დღეს მსოფლიოში პარლამენტის წევრთა მეოთხედზე ნაკლებია ქალი.

„პარლამენტთაშორისი კავშირის“ (IPU) გენერალური მდივანი - მარტინ ჩანგონგო ამბობს, რომ ქალების წარმომადგენლობა იმ ქვეყნებში უფრო მაღალია, სადაც საარჩევნო სისტემებში გენდერული კვოტირების მექანიზმია დანერგილი, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი მექანიზმი არ მოქმედებს:

„ეს მონაცემები მიუთითებს, რომ უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა აამოქმედოს კვოტირების სისტემა იმისთვის, რომ გაათანაბროს „სათამაშო მოედანი“. ჩვენ გვწირდება უფრო და უფრო მეტი ქალი პარლამენტში იმისთვის, რომ შეიქმნას კრიტიკული მასა და საპარლამენტო გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს ქალებისა და კაცების თანაბარ ინტერესებს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს ლეგიტიმური და ეფექტური“, - ამბობს "პარლამენტთაშორისი კავშირის" გენმდივანი.

კავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ე.წ. „ნათელი წერტილები“ კარგად ჩანს:
როგორც წინა წლებში, ახლაც, რუანდა ლიდერობს. ქვეყანაში პარლამენტართა 61 % ქალია. 42 %-იანი ქალთა წარმომადგენლობით მეცხრე ადგილზეა სენეგალი და მეათე ადგილზე მყოფ ნორვეგიასაც უსწრებს. ამერიკის შეერთებული შტაები კი ამ მაჩვენებლით სიაში მე-100 ადგილს იკავებს, რადგან აქ კანონმდებელთა მხოლოდ 19 %-ია ქალი.

რეგიონული თვალსაზრისით, ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ლიდერობენ, რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, აქ არის როგორც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ისე სერიოზული უკუსვლაც ზოგიერთ ქვეყანაში. სასიკეთო ცვლილებები დაფიქსირდა ლათინურ არგენტინაში, ჩილესა და ეკვადორში. ქალთა მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში დაბალი რჩება აზიურ სახელმწიფოებში. რაც შეეხება სუბ-საჰარული აფრიკის რეგიონს, აქ ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში ბოლო წლებში პრატქიკულად სტაბილურად დაახლოებით 24 % -ია. სიის ბოლოშია წყნარი ოკეანის ქვეყნები, რომლებშიც ქალთა რაოდენობა პარლამენტებში 15.5 % -ს არ აღემატება.

2017 წელს ევროპაში ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში გასული წლის საშუალო მაჩვენებლიდან (26.3 % ) 1%-ზე ნაკლებით გაიზარდა (27.1 % ).

წლების მანძილზე საგულისხმო ცვლილებებია მაგალითად, საფრანგეთში, სადაც კარგად დანერგილი სპეციალური ღონისძიებების წყალობით თანდათანობით შეიცვალა ქალთა წარმომადგენლობის მიამრთ დამოკიდებულება როგორც საზოგადოებაში, ისე წამყვან პოლიტიკურ პარტიებში. 2017 წლის არჩევნებში რეკორდული მონაცემების შედეგად, საფრანგეთმა „პარლამენტთაშორისი კავშირის“ რეიტინგში 64-ე ადგილიდან მე-17 ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად ქვეყანაში პარლამენტართა 38.6 % ქალია. ეს ნიშნავს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, ქალთა წარმომადგენლობა ეროვნულ ასამბლეაში 12 %-ითაა გაზრდილი. თუმცა წინა არჩევნებში ასევე რეკორდულად ბევრი ქალი შევიდა საფრანგეთის პარლამენტში.

2000 წელს საფრანგეთში მიიღეს თანასწორობის შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც პარტიულ სიებში ქალი და კაცი კანდიდატების რაოდენობას შორის განსხვავება 2 %-ზე მეტი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევასი ისინი ჯარიმდებიან. ამ კანონის მიღების შემდეგ ქალთა წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად და მუდმივად იზრდება. სასიკეთო ცვლილებები იყო საფრანგეთის სხვა ტერიტორიებზეც, რომლებიც რეგიონში მისაბაძი მაგალითები გახდნენ.

მნიშვნელოვანი დადებით ცვლილებები დაფიქსირდა ალბანეთსა და სომხეთში, ქვეყნებში, რომლებშიც ისტორიულად ძალიან დაბალი იყო ქალ პარლამენტართა რაოდენობა.

ალბანეთში ერთპალატიან პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა დაახლოებით 18%-იდან უეცრად თითქმის 28% გახდა. თუმცა ყველა პარტია არ ასრულებს გენდერული კვოტირების მოთხოვნებს და ზოგს ურჩევნია ფინანსური ჯარიმა გადაიხადოს იმის ნაცვლად, რომ სიის არანაკლებ 30 % ქალებით დააკომპლექტოს. ალბანეთის მაჩვენებლები განსაკუთრებით საინტერესოა, თუკი წინა ათწლეულის მონაცემებს შევადარებთ: იმ პერიოდში, სანამ გენდერული კვოტირების სისტემა ამუშავდებოდა, ქვეყნის პარლამენტართა მხოლოდ 7 % იყო.

რაც შეეხება სომხეთს, პრაქტიკულად ყველა პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ასრულებს გენდერული კვოტირების შესახებ მოთხოვნებს - ამ მოთხოვნების თანახმად, ეროვნულ სიებში მინიმუმ 25 % ქალი კანდიდატი უნდა იყოს - ანუ ყოველ ოთხ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისად, ბოლო არჩევნებზე, კანდიდატების დაახლოებით 30 % ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათგან მხოლოდ 17 % მოხვდა პარლამენტში, ეს მაინც 6.5 %-იანი ზრდა იყო 2012 წლის შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG