გაეროს ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა, სულ მცირე, 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა (OHCHR) 26 მარტს განაცხადა, რომ 1 დეკემბრიდან 29 თებერვლამდე, მან მიიღო ცნობები სულ მცირე 32 სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის 12 შემთხვევის შესახებ და შეძლო დაედასტურებინა შვიდი უკრაინელი სამხედროს მკვლელობა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები ან იარაღის დაყრის, ან დაკითხვის დროს მოკლეს.
OHCHR-მა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში 60 უკრაინელი ტყვე გამოიკითხა, რომლებიც ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ტყვეთა ნახევარზე მეტმა, ყველა მამაკაცმა, თქვა, რომ მათ წინააღმდეგ იყენებდნენ სექსუალურ ძალადობას, ელექტროშოკს და სცემდნენ.
კრემლს გაეროს მოხსენებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა ასევე განაცხადა, რომ მან გამოიკითხა 44 რუსი ტყვე, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი აწამეს ან დატყვევებისთანავე, ან დაკავების დაწესებულებებში გადაყვანის დროს.
ასევე ნახეთ: უკრაინის დახმარების კანონპროექტი და კონგრესმენებიგაეროს ცნობით, სულ მცირე, 10 582 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 19 875-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, 2022 წლის თებერვალში, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ორგანიზაციამ დასძინა, რომ „სავარაუდოდ, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია. ”
უამრავი მტკიცებულების მიუხედავად, მოსკოვი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას უარყოფს.
იმავდროულად, უკრაინამ განაცხადა, რომ 10 "შაჰედის" ტიპის დრონი ჩამოაგდო 13-დან, რომლებიც რუსეთმა 27 მარტის ადრეულ საათებში უკრაინის მიმართულებით გაუშვა. დრონების სამიზნე ხარკივის, კიევისა და სუმის რეგიონები იყო.
ასევე ნახეთ: რუსეთი და უკრაინა სასაზღვრო რეგიონებში საჰაერო თავდასხმების შესახებ იტყობინებიანიზიუმში, ხარკივის ოლქში, მინიმუმ ერთი ადამიანი დაიჭრა ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად და დაზიანდა სკოლის შენობა, თქვა რეგიონის გუბერნატორმა, ოლეჰ სინეჰუბოვმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე".
დღესვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა, 18 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო, რომლებიც ბელგოროდის რეგიონს უახლოვდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი, ნამსხვერევების ჩამოვარდნის შედეგად კი შენობები დაზიანდა.
არც კიევს და არც მოსკოვს, მეორე მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.