შაბათს, გაერომ გამოაცხადა, რომ ქაბულის საკლასო ოთახში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. შიიტმა ჰაზარა ქალებმა, რომლებიც თავდასხმის მთავარი სამიზნე იყვნენ, საკუთარი თემის - რომელიც უმცირესობას წარმოადგენს - „გენოციდის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლა მოაწყეს.
პარასკევს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქაბულის დაშთ-ე-ბარჩის რაიონის სასწავლო ცენტრში, სადაც ასობით მოსწავლე უნივერსიტეტში შესასვლელ გამოცდებს აბარებდა.
ასევე ნახეთ: ამერიკა ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლას და ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებსუბანი მეტწილად შიიტი მუსლიმების ანკლავს წარმოადგენს, სადაც ჰაზარა უმცირესობა ცხოვრობს, ისტორიულად დაჩაგრული ჯგუფი, რომელიც ბოლო წლებში, ავღანეთში ზოგიერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმის სამიზნე იყო.
ავღანეთში გაეროს დახმარების მისიამ გამოაცხადა, რომ სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 82 დაიჭრა. დაღუპულთა შორის 20-ზე მეტი კი გოგონა და ქალი იყო.
გასულ აგვისტოში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, თალიბანისთვის უსაფრთხოების საკითხი მგრძნობიარე თემა იყო და ის საკუთარი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს ხშირად აჩუმათებდა.
ამჯერად, ათობით ჰაზარა ქალმა უგულებელყო თალიბანის მიერ გამოსვლების აკრძალვა, რათა საკუთარ თემში ეს უკანასკნელი სისხლისღვრა გაეპროტესტებინა.
შავ ჰიჯაბებში და თავსაბურავებში გამოწყობილ დემონსტრანტებს ეკავათ პლაკატები წარწერით: „შეწყვიტეთ ჰაზარას ხოცვა“.
თვითმხილველებმა სააგენტო „ფრანს პრესს“ უთხრეს, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი სასწავლო ცენტრის ქალების განყოფილებაში ააფეთქა.