ღაზა "ტოქსიკური ჯურღმულია" - გაეროს კომისარი

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა ისრაელი გააკრიტიკა პალესტინელთა უფლებების სისტემატური უგულებელყოფისთვის.

ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ სხდომაზე განაცხადა, რომ "ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიებზე" 2 მილიონამდე ადამიანი ღაზის სექტორში დაბადებიდან გარდაცვალებამდე თითქოს "ტოქსიკურ" გალიაშია გამომწყვდეული.

გასულ კვირას, ვითარების ესკალაციის შედეგად, 60 ადამიანი დაიღუპა, 2 700 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები, მათ შორის 8 თვის ბავშვი.

კომისიის საგანგებო სხდომაზე შესაძლოა გადაწყდეს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც მომხდარ ძალადობის ფაქტებს გამოიკვლევს. თუმცა, ისრაელის ელჩი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ადგილზე სიტუაციას ოდნავადაც ვერ შეცვლის.

ვითარება ორშაბათს დაიძაბა, როდესაც იერუსალიმში ამერიკის საელჩო გაიხსნა. პალესტინელმა დემონსტრანტებმა ღაზის სექტორისა და ისრაელის გამყოფ საზღვარზე მიიტანეს იერიში და მას ქვები დაუშინეს. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.