ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელების მთავრობა ამერიკას შანტაჟში ადანაშაულებს


პალესტინის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს მათ დაშანტაჟებას მუქარით, რომ პალესტინის ავტონომიას ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს.

ამერიკის პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ამერიკა ასობით მილიონ დოლარს უგზავნის ყოველ წელს პალესტინელ ხალხს და პასუხად „დაფასებასა და პატივისცემას“ ვერ იღებს. დონალდ ტრამპის თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა ეხმარებოდეს ამერიკა პალესტინელებს ამ ოდენობის ფინანსებით მაშინ, როდესაც მათ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაც კი არ სურთ.

ჰანან აშრავმა, პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენელმა ამ განცხადებას გუშინ უპასუხა და თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს პალესტინელთა მიერ მშვიდობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის სურვილის საბოტაჟს და საკუთარი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგების გამო ახლა მათ სდებს ბრალს.

მას შემდეგ, რაც ამერიკამ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა, პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ამით ამერიკამ უარი თქვა სამშვიდობო პროცესებში თავისი როლის შესრულებაზე. გაეროს გენერალური ასამბლეა ასევე არ ეთანხმება ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიკი ჰეილიმ კი სამშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა შეწყვეტს გაეროს იმ სააგენტოების დაფინანსებას, რომლებიც პალესტინელებს ჰუმანიტარულ დახმარებას აძლევენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG