"პანდემიით გამოწვეული ზიანის აღდგენას წლები დასჭირდება" - გაეროს გენმდივანი

გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა ხუთშაბათს თქვა, რომ კოვიდ 19-ის მიერ მსოფლიოსთვის მიყენებული ზიანი მხოლოდ ვაქცინით არ გამოსწორდება, ეკონომიკის აღდგენას კი წლები დასჭირდება, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა - ათწლეულებიც.

"პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენა უდიდესია და ის იზრდება", - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა გენერალური ასამბლეის ერთ-ერთ უმაღლესი რანგის სესიაზე.

ასევე ნახეთ: გაეროს გენერალური ასამბლეა პანდემიაზე რეაგირების განსახილველად იკრიბება


ხუთშაბათს გაეროს ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ წელს პანდემიის გამო 32 მილიონი ადამიანი შესაძლოა უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდეს. გაერომ მილიონობით ადამიანისთვის ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა გააფართოვა. ორგანიზაციის გენერალური მდივანი ასევე ემხრობა ქვეყნების მიერ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 10 %-ის ოდენობის ეკონომიკის სტიმულირების ფინანსური პაკეტების მიღებას, ასევე ყველა იმ ქვეყნისთვის ვალების პირობების შემსუბუქებას, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორდღიან სამიტს 80-მდე სახელმწიფოს მეთაური თუ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდა. სამიტში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები და ექსპერტებიც, ასევე გაეროს სხვადასხვა სააგენტოს მმართველები, მათ შორის - "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ხელმძღვანელი.

მსოფლიოში კოვიდ-19-ით უკვე მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი ოფიციალურად 64.6 მილიონ ადამიანს აქვს დადასტურებული.