დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა პრემიერის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა და მას საავადმყოფოდან მალე გამოწერენ.
ჯონსონის ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ ბორის ჯონსონი აგრძელებს მთავრობის მართვას და ის საავადმყოფოში იმიტომ გადაიყვანეს, რომ ტესტები ჩაუტარდეს, რადგან მას მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა.
თუმცა ადმინისტრაციის თანამშრომლები არ აკონკრეტებენ, რა ტესტირებაზეა საუბარი, როდის დასრულდება ტესტირება და როდის შეძლებს ბორის ჯონსონი საავადმყოფოს დატოვებას.
ბორის ჯონსონი მაღალი თანამდებობის ერთ-ერთ პირველი პირია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია ამის შესახებ 27 მარტს გახდა ცნობილი. მას შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
რამდენად აქტიურად შეძლებს პანდემიის დროს პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან მუშაობას ეს ამ დრომდე ცნობილი არ არის. თუმცა ჟურნალისტებს პრემიერის ადმინისტრაციაში უმტკიცებენ, რომ ბორის ჯონსონი ეფექტურად მუშაობს.